ყველა ეს ადამიანი ჩემნაირად გარეთ უნდა იყოს, დამნაშავედ ვგრძნობ თავს, რომ მათთან ერთად არ ვარ, – ამის შესახებ ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულმა ია დარახველიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
ის დანარჩენი ბრალდებულებისგან განსხვავებით გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული. სწორედ, ამ ფაქტთან დაკავშირებით ისაუბრა მან სასამართლოში.
„ჩვენ ვეხმარებოდით ყველა ერთმანეთს, არაფერს არ ვისროდით და არაფრის აღებას არ ვაპირებდი. ყველა ეს ადამიანი ჩემნაირად გარეთ უნდა იყოს, დამნაშავედ ვგრძნობ თავს, რომ მათთან ერთად არ ვარ, მათ გვერდზე ვარ და ყველას თავისუფლებას ვუსურვებ”,- განაცხადა დარახველიძემ.
ბრალთან დაკავშირებით ისაუბრა დაკავებულმა ზაქრო ალბუთაშვილმაც. წარდგენილ ბრალდებას არც ის აღიარებს.
„არანაირ ბოროტმოქმედებაში არ მიმიღია მონაწილეობა…. მე უკვე ასაკოვანი ვარ, 68 წლის ვარ, დავკარგე სამსახური, ლუკმა პურის გარეშე დავტოვე ხალხი, ძალიან გთხოვთ, ჰუმანურები იყოთ, ესენი, ყველანი ჩემი ძმები, ქართველები არიან. როგორც მე მინდა თავისუფლება, ისე მათაც, სიკვდილი არ მინდა ციხეში, მინდა სამართლიანობამ იზეიმოს”,- განაცხადა ალბუთაშვილმა.




