4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების, მათ შორის, ნინა სანდერის, მარიამ მეყანწიშვილისა და კიდევ 10 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების, მათ შორის, ნინა სანდერის, მარიამ მეყანწიშვილისა და კიდევ 10 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ.
პროცესს ესწრებიან დაკავებულები, გარდა ვახტანგ ფიცხელაურისა და ანტონ უპერისა.
საქმეს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი განიხილავს.
ბრალდებულების სხდომათა დარბაზში შემოსვლისთანავე, მოსამართლე მჭედლიშვილმა იკითხა, რომელი იყო ალექსანდრე ხაბეიშვილი, რის შემდეგაც მას დაბადების დღეს მიულოცა.
მოსამართლის კითხვაზე, ცნობენ თუ არა ბრალდებულები თავს დამნაშავედ, ყველა მათგანმა უარყოფითი პასუხი გასცა.
“რა თქმა უნდა, არა და არასდროს!”, – განაცხადა სანდერმა.
ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბექა ქელეხსაშვილს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელა ქარდავას, ვახტანგ ფიცხელაურს, ალექსანდრე ხაბეიშვილს, აბო ნავერიანს, ანტონ უპერს, ავთანდილ სურმანიძეს, გიორგი მულაძეს და თემურ ქურციკიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება სსსკ-ის 226-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს.
ნანა სანდერს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.