„4 კომპანიას ერთი თეთრის სიზუსტით ჰქონდათ ფასები მედიკამენტებზე, რომლებიც ათასობით ლარი ღირს“ – ჯანდაცვის მინისტრი

„მტკიცებულებებით დასტურდება ის, რომ ეს იყო ცალსახად გარიგება იმ კონკრეტულ მედიკამენტებზე, რომლებზეც ზუსტად ერთი თეთრის სიზუსტით ხდებოდა ფასის დადება, როცა მედიკამენტი ათასობით ლარი ღირს“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ფარმაცევტული კომპანიები ხელოვნურად დაწესებული მაღალი ფასებით სახელმწიფოს და ონკოლოგიური პაციენტების ინტერესებს აზიანებდნენ.
„თეორიულადაც კი წარმოუდგენელია ამის დაშვება რომ ერთი თეთრის სიზუსტით 4-მა კომპანიამ ერთი და იგივე ფასი შესთავაზოს სახელმწიფოს მედიკამენტზე. ეს ხდებოდა ხელოვნურად, რათა გაზრდილი ფასით, სახელმწიფოს მხრიდან მიეღოთ მეტი ანაზღაურება და მომხდარიყო პაციენტების ინტერესის დაზიანება.
სახელმწიფოს ონკოლოგიური მედიკამენტების ღირებულების ანაზღაურებაზე აქვს გარკვეული ლიმიტი და ხდებოდა სწორედ იმ ლიმიტიდან თანხების გახარჯვა, რის გამოც პაციენტები რჩებოდნენ მედიკამენტების გარეშე“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.