მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 1.12 მლნ ლიტრი ქართული ღვინო, რაც 78%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს თანახმად, ჩინეთში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა. კერძოდ, ღვინის მწარმოებელი სამი საოჯახო მარანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაიში გამართულ გამოფენაში – RAW Wine Shanghai მონაწილეობდა.
სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია. ჩინეთი მყარად დამკვიდრდა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში.
“გამოფენაზე „RAW Wine” (The Artisan Wine Fair) მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი.
გამოფენაზე მისულ სტუმრებს, ღვინის პროფესიონალებს, კომერციული სფეროს წარმომადგენლებს და მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცათ, დაეგემოვნებინათ ქართული მარნების: „იორა“, „მანავი ვაინსი“ და „ბაღდათი ისთეითის“ ღვინოები.
მიმდინარე წელს ქართული საოჯახო მარნები ასევე მონაწილეობდნენ RAW Wine-ის გამოფენებზე პარიზში, ვერონაში და ტოკიოში”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
