4 თებერვალს, პარლამენტში “უსაფრთხოების ყვითელი დონე” იმოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიზიტორებს შენობაში შესვლა შეეზღუდება და იქ დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები, ასევე ტელემედია.
შენობაში არ დაიშვებიან ონლაინმედიისა და პრესის წარმომადგენლები.
სადავო არჩევნების შედეგად შეკრებილი პარლამენტის სხდომაზე კოლეგიის მიერ, “ქართული ოცნების” ხმათა უმრავლესობით პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილის მოხსენება იგეგმება.
მიხეილ ყაველაშვილის, როგორც საქართველოს მე-6 პრეზიდენტის ლეგიტიმურობას არ ცნობენ მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ეჭვქვეშ აყენებს საერთაშორისო პარტნიორების დიდი ნაწილი.
საქართველოს პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების „ყვითელი” თუ “წითელი” დონეები ცხადდება მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ 2023 წლის სექტემბერში გამოცემული ბრძანების საფუძველზე.
“უსაფრთხოების ყვითელი დონე” ნიშნავს, რომ შენობაში, მათ შორის კომიტეტების და პლენარულ სხდომებზე, დაიშვებიან „მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მიწვეული პირები” და მხოლოდ ტელემედიის ჟურნალისტები.
თუ „წითელი დონე” მოქმედებს, შენობაში ვერ შევა ვერავინ, გარდა „პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა”.
შალვა პაპუაშვილის მიერ 2023 წლის სექტემბერში გამოცემული ბრძანების საფუძველზე მედიასაშუალებებს (გარდა ტელემედიის) არაერთხელ შეუზღუდეს პარლამენტში მუშაობა. მათ შორის – რადიო თავისუფლებას.
პარლამენტის შენობაში „ყვითელი დონე” მოქმედებდა, მაგალითად, 2024 წლის გაზაფხულზეც, ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს.