„შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე 4 აპრილს გოგონათა ფესტივალი გაიმართება, რომელშიც სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებთან ერთად, უფროსი ასაკის მორაგბეებიც მიიღებენ მონაწილეობას.
თამაშები 11 საათზე დაიწყება და 15 საათამდე გაგრძელდება. ორ, ან სამ ასაკობრივ კატეგორიაში, ფესტივალში ხაშურის, მარნეულისა და თბილისის გუნდების გოგონები მიიღებენ მონაწილეობას, რის შემდეგაც მოედანზე უფროსი ასაკის მოთამაშეები გავლენ.
ქუთაისის ‘აიას’, თბილისის ‘ლოკომოტივისა’ და ნაკრებში მოვარჯიშე გოგონების გუნდები ჯერ 10-კაცა რაგბს ითამაშებენ, ბოლოს კი ორი გუნდი შეიკვრება და 15-ქალა რაგბი გაჩაღდება. მსგავსი ფესტივალი დასავლეთ საქართველოს გუნდებისთვის ქუთაისში უკვე ორჯერ ჩატარდა და ახლა აღმოსავლეთ საქართველოს ჯერი დადგა.
„მადლობა საქართველოს რაგბის კავშირს და განვითარების დრექტორატს, რომელიც მაქსიმალურად გვეხმარება ქალთა რაგბის განვითარებაში, როგორც ფინანსურად, ასევე საორგანიზაციო კუთხით. თუ გვინდა, რომ რაგბში ჩართული გოგონების რაოდენობა გავზარდოთ და ქალთა გუნდები ჩამოვაყალიბოთ, რაც სამომავლოდ ქალთა ჩემპიონატის ჩატარების საწინდარი გახდება, მსგავსი აქტივობები აუცილებელია“.
„ქალთა რაგბის პოპულარიზაციისა და გოგონათა მოზიდვის კუთხით, ეს მნიშვნელოვანი აქტივობაა. სხვადასხვა კლუბებში გაფანტული გოგონები ერთად მოიყრიან თავს და საუცხოო გარემოში ითამაშებენ. ამასთან, პატარები შეხვდებიან და უგულშემატკივრებენ საქართველოს ნაკრებში მოთამაშე გოგონებს, რაც მათ მოტივაციას გაზრდის“ – ამბობს საქართველოს 15 და 7-ქალა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი მაისურაძე.
Rugby.ge