35 მილიარდის მამოძრავებელი არის ისევ და ისევ გაზრდილი ბიუროკრატიის ხარჯი, რომელიც რეალურად ქვეყანაში დოვლათს არ ქმნის – ნიკა ალავიძე 2026 წლის ბიუჯეტზე
„მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში აქცენტირება ისეთ ხარჯებზე, რომელიც ინვესტირებაზეა დაფუძნებული, მინიმუმამდე არის შემცირებული“, – ამის შესახებ „ჯერ საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნიკოლოზ ალავიძემ განაცხადა.
მისი თქმით, 2026 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული 35 მილიარდის მამოძრავებელი არის ისევ და ისევ გაზრდილი ბიუროკრატიის ხარჯი, რომელიც რეალურად ქვეყანაში დოვლათს არ ქმნის.
როგორც ნიკოლოზ ალავიძემ აღნიშნა, იზრდება მხოლოდ ძალოვანი უწყებების ბონუსი, რადგან როგორც ჩანს სახელმწიფო ელოდება, რომ მომდევნო წლის განმავალობაში კიდევ უფრო მეტი უნდა სცემოს.
„ჩვენ ძალიან ხშირად გვესმის, რომ ჩვენი ქვეყანა არის სუპერ მაგარი, უნიკალური მრავალნიშნა ეკონომიკური ზრდით, და, აი გერმანიის და განვითარებული ეკონომიკების (როგორც თავად ეძახიან) ზრდა წლიდან წლამდე 1% ან 2%-ია, ჩვენი კიდევ ორნიშნა. ამბიცია გვაქვს, რომ ყველაზე მაგრები ვართ. სახელმწიფო სტატისტიკით, წლევანდელი, ჯერ არასრული წლის ეკონომიკური ზრდა, დაკორექტირდა 7.7%-მდე, რაც მცირედით მეტია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზზე და აი სად შეცდა „ბრუსლი“, ამ შემთხვევაში საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომ ჩვენ გადავაჭარბეთ მის პროგნოზსაც კი, ტაში ამხანაგებო, ძალიან მაგარია.
რას ნიშნავს ეს?! – თუ ჩვენ ვიცით, რომ წელს ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდა (ნუ, ორნიშნაზე ვერ ავედით, რადგან „დიპ სტეიტმა“ მაინც თავის კუდი იქნია, მაგრამ მაინც ვამთავრებთ მაგრად), მშპ 100 მილიარდს გადააჭარბებსო, ბიუჯეტის ზრდას ვგეგმავთ 5%-ით, რატომ?! ეს ამბიცია სად გაქრა?!
ჩავიხედოთ დეტალებში: ბიუჯეტის პროექტში აქცენტირება ისეთ ხარჯებზე, რომელიც ინვესტირებაზეა დაფუძნებული (უკუგება გაზრდის შესაძლებლობაზე), მინიმუმამდე არის შემცირებული. პლუს შემცირებულიც კი არის განათლების საერთო ბიუჯეტი, ანუ პროპორცია მთლიან ბიუჯეტთან და GDP-ის ზრდასთან მიმართებით. ისეთი დარგები, რომელიც მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქვეყნის განვითარებისთვის, სადაც ინვესტირებას აკეთებ, რომ მერე გაზრდილი მოგებები მიიღო (მათ შორის, ანაკლიის პორტიც, რომლის ბიუჯეტი თითქმის განახევრებულია) გვიმცირდება. თავდაცვაში გვიმცირდება, ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია და დიდი საფრთხე გვაქვს. არანაირი განვითარება და დამატებითი დაბანდება არ იგეგმება კვლევა-ძიების და განათლების იმ კომპონენტებში, რომელიც საჭიროა. იზრდება მხოლოდ შსს-ს და ძალოვანი უწყებების ხარჯი, რომელსაც ბონუსი უნდა მისცენ.
მე სრულიად ვემხრობი მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელებას და არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეწყდეს, მაგრამ ეს პროტესტი არის მკვებავი ამ შავ-ბნელი ადამიანების, რომლებიც პირბადის ტარებისთვის გოგოებს, ბებიებს და სტუდენტებს უსწორდებიან ფიზიკურად ან პირველი მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ რაღაცას იყენებენ და თვითონაც იწამლავენ თავებს. რომ არა ეს პროტესტი, მათ ეს ბონუსი არ ექნებოდათ. იზრდება მათი ბონუსი, რადგან სახელმწიფო ელოდება, რომ 2026 წლის განმავალობაში კიდევ უფრო მეტი უნდა სცემოს. ეს ხომ არანაირ დოვლათს არ ქმნის ეკონომიკისთვის?!“, – განაცხადა ნიკოლოზ ალავიძემ.
www.bpn.ge




