“შაბათის მთავარში” გასული რეპორტაჟის შემდეგ, მეტადონის პროგრამის ბენეფიციარის შემთხვევით, რომელიც პოლიციის მაღალჩინოსნებს შანტაჟში, ნარკოტიკული ნივთიერების ჩადებასა და ძალადობაში ადანაშაულებს, სპეციალური საგამოძიებო სამსახური დაინტერესდა.
31 წლის კაცი, რომელსაც სამართალდამცველები თანამშრომლობას აიძულებდნენ, გამომძიებლის კითხვებს პასუხობს.
“21 რიცხვში, კვირას, სიუჟეტიდან მეორე დღეს საგამოძიებო სამსახური მოვიდა სახლში ჩემთან და წამომიყვანეს ინტერვიუს ჩასაწერად ჩადებასთან დაკავშირებით. რომ ჩამიდეს ნარკოტიკული ნივთიერება, მაგასთან დაკავშირებით,” – ამბობს ის “მთავართან.”
შეგახსენებთ, რომ მეტადონის პროგრამის ბენეფიციარმა “შაბათის მთავარს” დეტალურად მოუყვა როგორ გახდა სამართალდამცველების მსხვერპლი და რა გზებით აიძულებდა ძალოვანი უწყება თანამშრომლობას. “შაბათის მთავარის” ანონსის ეთერში გასვლის შემდეგ, პოლიციელები მას ქუჩაში დახვდნენ.