“31-ში რუსთაველზე ერთად შევხვდებით ახალ წელს” – რა გეგმით დატოვა ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლიდან საზოგადოების მიმართვისას ისაუბრა იმაზე, რას აპირებს მას შემდეგ, რაც ორბელიანის სასახლეს დატოვებს. ზურაბიშვილის თქმით, ის ახალ წელს ხალხთან ერთად შეხვდება რუსთაველზე, მანამდე და შემდეგ კი გამართავს არაერთ შეხვედრას როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით.
„თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე, სანამ ჩვენ არ დავნიშნავთ არჩევნებს და სანამ ჩვენ არ გვექნება თავისუფალი და ჩვენი არჩეული ღირსეული ხელისუფლება“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა და განმარტა, რომ სხვა საკითხებთან ერთად იმუშავებს იმ საკითხზეც, როგორ უნდა ჩატარდეს ახალი ისე, რომ მისი გაყალბება შესაძლებელი არ იყოს.
„დეტალურად, დოკუმენტურად ამის დადებაზე ვიმუშავებ მე ყველასთან ერთად, ვინც ამ საქმეში იყო და არის ჩართული იმისთვის, რომ ძალიან მალე, რამდენიმე დღეში დავდოთ დოკუმენტი და იყოს ეს არჩევნების მოთხოვნასთან ერთად.
ეს არ არის ლოზუნგი, რომ ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს, ეს არ არის რიტორიკული განცხადება, ეს არის რეალური მოთხოვნა და ამიტომ უნდა იყოს რეალურად დაფუძნებული თავის პირობებზე.
არჩევნები ჩატარდება – სხვა გზა არ არის და ეს არის ყველა შემთხვევაში, ყველა ასეთი კრიზისის დროს ერთადერთი გამოსავალი, მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამ არჩევნებისთვის და არა მხოლოდ იმით, რომ დავდოთ ასეთი დეტალური დოკუმენტი – პარტიები უნდა იყვნენ მზად, ახალი ძალები, რომლებიც გამოიკვეთა ამ პროტესტის დროს, ისინიც უნდა იყვნენ მზად, ვინც აპირებს, რომ ხვალინდელი ქვეყნის პოლიტიკაში იყოს – თქვენი ჯერია და მოემზადეთ, ამიტომ, რომ ეს ძალიან მალე მოვა და ამაში მეც დაგეხმარებით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მან ილაპარაკა იმ შეხვედრებზეც, რომელთა გამართვასაც უახლოეს დღეებში გეგმავს. სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, ის შეხვდება:
· ბიზნესის წარმომადგენლებს იმაზე სამსჯელოდ, როგორ შეიძლება ეკონომიკური კრიზისის თავიდან აცილება;
· საჯარო მოხელეებს იმ გზების მოსაძებნად, როგორ დაიცვან მათ თავი რეპრესიებისგან სახელმწიფო უწყებებში;
· ახალ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც უწყვეტ პროტესტში არიან ჩართული;
· რეგიონებში ხალხს, ვინც საკუთარ ქალაქებში მუშაობენ ცვლილებებისთვის და მართავენ საპროტესტო აქციებს;
· ქვეყნის გარეთ საერთაშორისო პარტნიორებსა და პოლიტიკოსებს ქართველი ხალხის მოთხოვნების გადასაცემად.
ზურაბიშვილი ორბელიანის სასახლიდან მიმართვის ბოლოს იქ შეკრებილ ხალხთან გავიდა, სადაც მას მოქალაქეებმა მადლობა გადაუხადეს და მის სახელს სკანდირებდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)