“30 წელში შეუძლებელი რეფორმები 2 წელში განვახორციელეთ” – აზარაშვილი საქმიანობას აჯამებს

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და თავის ორწლიან საქმიანობას აჯამებს. აზარაშვილი, რომელიც თანამდებობიდან ახალმა პრემიერმინისტრმა ირაკლი მ “მართვის, კომუნიკაციის კუთხით პრობლემების” მიზეზით გადააყენა, ვრცელ პოსტში მადლობას ყოფილ პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს უხდის.
“გულწრფელი მადლობა მსურს, გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს 4 წლის წინ გამოჩენილი ნდობისთვის, 20 წლიანი საბანკო საქმიანობის შემდეგ რომ მომცა შესაძლებლობა, მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის, ჯერ ქვეყნის თავდაცვის მიმართულებით და 2022 წლიდან ჯანდაცვის სამინისტროში. ამიტომ ჩემთვის უძვირფასესი ჩემი საქმიანობის მისი გულწრფელი შეფასებაა.
სწორედ ამ მხარდაჭერითა და ერთსულოვნებით შევძელით სისტემაში იმ დროისთვის გადაუჭრელი პრობლემების და ბოლო 30 წლის განმავლობაში შეუძლებელი რეფორმების 2 წელიწადში განხორციელება. ჩემთვის ეს ხომ ერთი ჩვეულებრივი სამსახური კი არა, ქვეყნისთვის მსახურება იყო.”, – წერს აზარაშვილი.
აზარაშვილის თქმით, მისი სამინისტროში საქმიანობის ორწლიან პერიოდში ყოველი დღე იყო სტრესით, ზეწოლითა და პროტესტით სავსე, მათი ყველა გადაწყვეტილება კი – პრინციპული, გაბედული და რისკიანი. ის კვლავ ირაკლი ღარიბაშვილს ახსენებს და ამბობს, რომ “მისი ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერით განახორციელეს რეფორმები, რომლებზე საუბარიც ბევრს წარმოუდგენელი ეჩვენებოდა”.