30 საათი გავიდა ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვიდან

თბილისის ცენტრში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, სადაც ვარაზის ხევი, ჭავჭავაძის გამზირი, კეკელიძისა და მელიქიშვილის ქუჩები ერთმანეთს კვეთს, ს შედეგების გასაპროტესტებლად აქცია გრძელდება. ეს სატრანსპორტო კვანძი უკვე 30 საათია გადაკეტილია.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების თქმით, პროტესტი იმ ადგილზე 19 ნოემბრის 20:00 საათამდე გაგრძელდება. როგორ განვითარდება მოვლენები გზის გადაკეტვიდან 48 საათის შემდეგ ამას აქციის მონაწილეებს მოგვიანებით გააცნობენ.
ჭავჭავაძის გამზირის დასაწყისში აქციის მონაწილეებისთვის ამზადებენ ცხელ სასმელს, სთავაზობენ საჭმელს, ანთებენ ცეცხლს.
ჭავჭავაძის გამზირი გუშინ, 18 ნოემბერს გადაიკეტა. მოქალაქეთა მსვლობა, რომელიც რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციისკენ მიემართებოდა „კოალიცია ცვლილებისთვისა“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ მითითებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეჩერდა, გაშალეს კარვები და დაიწყო სიტყვით გამოსვლები. პირველადი გეგმით პროტესტი 24 საათი უნდა გაგრძელებულიყო.
გზის გადაკეტვის გამო ვაკეში მოძრავი მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტები შეიცვალა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები 16 ნოემბერს შეაჯამა.
შემაჯამებელ ოქმში ასახულ მაჩვენებლებს მხოლოდ „ქართული ოცნება“ ეთანხმება. ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და პრეზიდენტი 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ.
ს მონაცემების თანახმად, მე-11 მოწვევის პარლამენტში “ქართულ ოცნებას” 150-დან 89 მანდატი ექნება, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას – ჯამში 61 მანდატი:
· „კოალიციას ცვლილებისთვის“ – 19 მანდატი;
· „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობას“ – 16 მანდატი;
· „ძლიერ საქართველოს“ – 14 მანდატი;
· „გახარია საქართველოსთვის“ – 12 მანდატი.
საერთაშორისო თანამეგობრობა თბილისს არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს, რათა გადამოწმდეს გაყალბებასთან დაკავშირებული “სერიოზული ეჭვები”.