„წლიდან წლამდე გამყვან ტურიზმზე მოთხოვნა იზრდება,“ – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ Travel To Georgia-ს დირექტორმა ლაშა ბერიკაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, წელს საქართველოდან მოქალაქეები ძირითადად მოგზაურობენ პარიზში, რომსა და საბერძნეთში. ამასთან, წლევანდელ სეზონზე გაზრდილია მოთხოვნა პორტუგალიაზე.
„წლიდან წლამდე გამყვან ტურიზმზე იზრდება მოთხოვნა, რასაც ხელი შეუწყო უვიზო მიმოსვლის გამარტივებამ და ტურისტული კომპანიების ორიენტირებამ ჯგუფურ ტურებზე, რაც აიაფებს ტურებს. გარდა ამისა, ვხედავთ ტურებში ისეთ ადამიანებს, რომლებიც მანამდე ვერ მოგზაურობდნენ სხვადასხვა დაბრკოლების გამო.
გამოვყოფდი იმას, რომ ოჯახის წევრები, რომლებიც საზღვარგარეთ არიან გარკვეულწილად უფინანსებენ საქართველოში მყოფ ოჯახის წევრებს მოგზაურობებს და ანაზღაურებენ დანაკლისს ოჯახთან სიშორის გამო – ამ ნაწილში არის აქტივობა.
წელს განსაკუთრებით მოთხოვნადია რომი, პარიზი, საბერძნეთი. ეს უკანასკნელი მიმართულება წელს განსაკუთრებით გააქტიურდა, რადგან თურქეთის ფასები გაიზარდა, საბერძნეთის ფასებს გაუტოლდა და ამ მიმართულებაზე გადამისამართება ხდება.
გარდა ამისა, მოთხოვნა გაჩნდა ახალ მიმართულებებზე, მაგალითად გამოვყოფდი პორტუგალიას, რამდენჯერაც დავდეთ ტური, თითქმის 2-3 დღის ვადაში ყველა ადგილი გაიყიდა. ვფიქრობთ, რომ თუ უვიზო რეჟიმი შენარჩუნდა კიდევ უფრო მეტი აქტივობა იქნება შემოდგომიდან გამყვანი ტურიზმის მიმართულებით“, – აღნიშნავს ლაშა ბერეკაშვილი.
მანვე ისაუბრა ფასებზე და აღნიშნა, რომ წელს ტურების ღირებულება დაახლოებით 30%-ით არის გაზრდილი, რაც დაკავშირებულია როგორც ავიაბილეთების, ასევე სასტუმროების გაძვირებასთან.
„30%-ით გაიზარდა ფასები, მაგალითად, თუ ადრე ვყიდდით 1100-1200 ლარად ევროპის მიმართულებას, ახლა 1600-2000 ლარის ფარგლებში ვყიდით. ფასების ზრდის მიზეზია ის, რომ „ვიზეარმა“ კონკურენციის არ არსებობისა და რეისების სიმცირის გამო გაზარდა ფასები, რაც მნიშვნელოვანი კომპონენტია ფასის მატების პროცესში.
ამასთან, სასტუმროები ევროპის ქვეყნებში საკმაოდ არის გაზრდილი იმიტომ, რომ პანდემიის შემდგომ მსოფლიო გააქტიურდა, მათი დატვირთულობის კოეფიციენტი გაიზარდა, სეზონი დაბალი და მაღალი აქტივობით აღარ გამოირჩევა იმდენად დატვირთული არის ევროპის ცენტრალური ქვეყნები და ქალაქები და აქედან გამომდინარე, ფასიც მაღალია“, – აცხადებს ლაშა ბერეკაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.
ვრცლად: www.bpn.ge
