რუსეთის ჯარებმა გასულ ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით უკრაინაზე მორიგი შეტევა მიიტანეს.
დარტყმის ერთ-ერთი სამიზნე იყო ქალაქი ხარკოვი. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ტელეგრამ-არხზე 19 ნოემბერს, გამთენიისას გამოქვეყნებული ინფორმაციით, ხარკოვში დაშავდა 32 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.
ქალაქის რამდენიმე რაიონში ხანძრები გაჩნდა. დაზიანებულია სახლები და სავაჭრო ობიექტი. დამწვარია კერძო საწარმოს სახურავი და ათზე მეტი ავტომობილი.
რუსული დრონებისა და რაკეტების შეტევით გამოწვეული საფრთხის გამო უკრაინის რამდენიმე ოლქსა და დედაქალაქ კიევში საჰაერო განგაში შუაღამის შემდეგ გამოცხადდა.
უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების მასირებული შეტევის გამო პოლონეთის შეიარაღებული ძალების სარდლობამ ქვეყნის საჰაერო სივრცის გასაკონტროლებლად გაგზავნა მორიგე გამანადგურებლები და ადრეული გაფრთხილების თვითმფრინავები, საჰაერო თავდაცვის და რადიოლოკაციური დაზვერვის სახმელეთო სისტემები კი განსაკუთრებულ მზადყოფნაში მოიყვანა.
სარდლობის განცხადებით, ეს ზომები პრევენციული ხასიათისაა და მიზნად ისახავს პოლონეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და დაცვას.
ფორუმი




