2024 წელს თბილისში 18 ახალი ბიზნესცენტრის მშენებლობის ნებართვა გაიცა, რაც ნიშნავს, რომ მომავალი 3-4 წლის განმავლობაში, სავარაუდოდ, თბილისში ახალი მსხვილი ბიზნესცენტრები გამოჩნდება, – ამის შესახებ “თიბისი კაპიტალის” ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც გამომწერებს ვებინარზე საქართველოს საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვა – 2024 წლის შედეგები და 2025 წლის მოლოდინები გააცნო.
“2024 წელს თბილისის ბიზნესცენტრებში საშუალო იჯარა წლიურად 6%-ით გაიზარდა და კვ.მ.-ზე $23.4-ს გაუტოლდა. საშუალო იჯარა მნიშვნელოვნად განსხვავდება ბიზნესცენტრების ტიპების მიხედვით: A კლასის ბიზნესცენტრში საშუალო იჯარა კვ.მ-ზე $28-ს შეადგენს, B კლასის ბიზნეცენტრში კი – $15.1-ს. C კლასის საოფისე სივრცეებზე, რომლებიც ძირითადად საცხოვრებელი შენობების პირველ სართულზეა განთავსებული საშუალო იჯარა კვ.მ-ზე $13-ს შეადგენს.
2024 წელს თბილისის ბიზნეს ცენტრებში ვაკანტურობის კოეფიციენტის საშუალო მაჩვენებელი 12%-ს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით, 2 პროცენტული პუნქტით დაბალია. დატვირთულობის გაუმჯობესება განსაკუთრებით შესამჩნევია A კლასის ბიზნეს ცენტრებში, სადაც ვაკანტურობის კოეფიციენტი 10%-მდე შემცირდა.
2024 წელს თბილისში 18 ახალი ბიზნესცენტრის მშენებლობის ნებართვა გაიცა, რაც ნიშნავს, რომ მომავალი 3-4 წლის განმავლობაში, სავარაუდოდ, თბილისში ახალი მსხვილი ბიზნესცენტრები გამოჩნდება. ახალი ბიზნესცენტრების მშენებლობის ნებართვები ძირითადად ვაკეში და საბურთალოზეა კონცენტრირებული.
ბათუმში საოფისე უძრავი ქონების იჯარა მიახლოებულია თბილისის საშუალო მაჩვენებელთან და კვ. მ-ზე $16.2 აშშ დოლარს შეადგენს.
ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდისა და თელავის საოფისე უძრავი ქონების ბაზარზე ორგანიზებული საოფისე ფართების ნაკლებობაა, ვინაიდან ქალაქებში ოფისების უმეტესობა საცხოვრებელი შენობების პირველ სართულებზეა განთავსებული.რაც შეეხება სამომავლო მიწოდებას, ბათუმში, ზუგდიდსა და თელავში, საოფისე ფართები სამომავლოდ, ძირითადად, მრავალფუნქციურ შენობებსა და სავაჭრო ცენტრებში იქნება განთავსებული”, – ნათქვამია ანგარიშში.
