3-ჯერ არშემდგარი ტენდერი და 600 ათასით გაზრდილი ღირებულება – ფიროსმანის მუზეუმში კომუნიკაციების მოსაწყობად მორიგი ტენდერი გამოცხადდა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის საინჟინრო კომუნიკაციების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ტენდერი მეოთხედ გამოცხადდა. წინა სამმა ტენდერმა წარუმატებლად ჩაიარა და არცერთი შეთავაზება არ შესულა. პირველიდან მეოთხე ტენდერამდე შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 630 ათასი ლარით გაიზარდა.
როგორც ტენდერის ტექნიკურ დოკუმენტაციაშია ნათქვამი, მუზეუმის სრულყოფილად ფუნქციონირებისათვის, კოლექციების დაცვა და მოვლა-პატრონობისათვის აუცილებელია შენობის თანამედროვე საინჟინრო-ტექნიკური სისტემებითა და დანადგარებით აღჭურვა.
„მუზეუმის საინჟინრო-ტექნიკური სისტემების უზრუნველსაყოფად 2021 წელს მომზადდა დეტალური მუშა პროექტი, რომლის ფარგლებშიც დაიგეგმა ფიზიკური სამუშაოები.
მუზეუმის სივრცეში უნდა იყოს გათვალისწინებული შემდეგი საინჟინრო-ტექნიკური სისტემები: გათბობა-კონდიცირება, ვენტილაცია (ფარდობითი ტენიანობის და ტემპერატურის დაცვით); წყალმომარაგება-კანალიზაცია (შიდა და გარე ქსელი), ელექტროქსელი (შიდა და გარე ქსელი), შენობის გარე განათება, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა და წყლის რეზერვუარები.“- ნათქვამია დოკუმენტაციაში.
შესრულებულ სამუშაოთა საბოლოო ვადა – ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვე.
პირველად გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 1-ელ დეკემბერს დასრულდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 732 845 ლარი იყო. თუმცა არცერთი შეთავაზება არ შესულა. მეორედ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღების ვადა 2024 წლის 8 იანვრამდე იყო, თუმცა ტენდერი არც მეორეჯერ შედგა. მესამე ტენდერი მარტის თვეში გაიმართა, ამჯერად შესყიდვის ღირებულება გაცილებით მეტი – 2 010 170 ლარი იყო, თუმცა ტენდერი ისევ არ შედგა.
ამჯერად გამოცხადებულია მეოთხე ტენდერი, წინადადებების მიღება 25 აპრილს დაიწყება და 30 აპრილს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კვლავ გაზრდილია და 2 367 633 ლარს შეადგენს.
პრეტენდენტს 2016 წლიდან დღემდე უნდა გააჩნდეს შენობა-ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამოცდილება (გარდა გვირაბებისა და გზებისა), მათ შორის საინჟინრო კომუნიკაციების (შიდა და გარე ქსელები) მოწყობის მიმართულებით (გათბობა-გაგრილება-ვენტილაცია, წყალგაყვანილობა-კანალიზაცია, ელექტრობა) ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, არანაკლებ 800 000 ლარისა.

ასევე დაგაინტერესებთ