„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, „ქვეყანაში ყოველგვარ აზრს დაკარგავს ნებისმიერი მომავალი არჩევნები და დასრულდება წარმომადგენლობითი დემოკრატია“.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სარჩელი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ჩამოყალიბებულ პრაქტიკასა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეხედულებას, რომელიც პლურალისტური პოლიტიკური გარემოს უზრუნველყოფაში პარტიების როლზე ამახვილებს ყურადღებას.
„პოლიტიკური პარტიის აკრძალვა შესაძლებელია მხოლოდ როგორც უკიდურესი ზომა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ისეთ ვითარებაში, როდესაც პარტიის საქმიანობის გაგრძელების შემთხვევაში, დემოკრატიას მყისიერი და რეალური საფრთხე ემუქრება, რომლის თავიდან აცილება სხვა, ნაკლებ რადიკალური ზომის გამოყენების შემთხვევაში შეუძლებელია“, – წერია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის შესახებ მომზადებულ დასკვნაში.
აქვე აღნიშნულია, რომ საქმეს თან ერთვის ერთადერთი მტკიცებულება, სადავო პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა. ორგანიზაციის შეფასებით, თავად ეს კომისიაც კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის დარღვევითაა შექმნილი:
„ამ კომისიის დასკვნას იურიდიული ძალა არა აქვს“.
„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით გასული წლის 31 ოქტომბერს მიმართა. ხელისუფლებაში მყოფი პარტია ითხოვს აიკრძალოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოთხი პარტიიდან სამი:
· „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“;
· „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“;
· „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“.
„ქართული ოცნების“ მტკიცებით, ეს პარტიები პოლიტიკურ პროცესებში – „არაკონსტიტუციურ ქმედებებში, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებულ საბოტაჟში“ – იყვნენ ჩართული და „წლების განმავლობაში თვისებრივად ერთნაირი პოზიციით წარმოჩინდებოდნენ“.
გარდა ამისა, პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ. მათი უმრავლესობა ამ სამ პარტიას წარმოადგენს. მათ ნაწილს ედავებიან საბოტაჟს, ნაწილს ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, ნაწილს კი ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.
სისხლის სამართლის საქმე აღძრეს:
· მიხეილ სააკაშვილის („ნაციონალური მოძრაობა“) წინააღმდეგ – სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების (317-ე – 3 წლამდე პატიმრობა) მუხლით;
· ზურა ჯაფარიძისა („კოალიცია ცვლილებისთვის“) და გიორგი ვაშაძის („სტრატეგია აღმაშენებელი“) წინააღმდეგ – საბოტაჟისა (318-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2-დან 4 წლამდე პატიმრობა) და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების (319-ე – 7-დან 15 წლამდე პატიმრობა) მუხლებით;
· ელენე ხოშტარიას („კოალიცია ცვლილებისთვის“) წინააღმდეგ – საბოტაჟის (318-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2-დან 4 წლამდე პატიმრობა), უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა (319-ე – 7-დან 15 წლამდე პატიმრობა) და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების ან მხარდაჭერის (321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – 6-დან 10 წლამდე პატიმრობა) მუხლებით;
· ნიკა გვარამიას („კოალიცია ცვლილებისთვის“), ნიკა მელიას („კოალიცია ცვლილებისთვის“), მამუკა ხაზარაძისა („ლელო – ძლიერი საქართველო“) და ბადრი ჯაფარიძის („ლელო – ძლიერი საქართველო“) წინააღმდეგ – საბოტაჟის (318-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2-დან 4 წლამდე პატიმრობა) მუხლით.
სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერგადალახული მეოთხე ოპოზიციური პარტიის („გახარია საქართველოსთვის“) თავმჯდომარის, გიორგი გახარიას წინააღმდეგაც. მას ედავებიან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მუშაობის დროს ორი გადაწყვეტილების მიღებას:
· 20 ივნისის ეპიზოდი – ორი ან ორზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება [25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი];
· „ჩორჩანის საგუშაგოს“ აშენების ეპიზოდი – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება [333-ე მუხლის მე-2 ნაწილი].
გიორგი გახარია საქართველოში არ იმყოფება. მას ქართულმა სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა (აღკვეთის ღონისძიებად) პატიმრობა.
ფორუმი




