3 ოპოზიციური კოალიცია პია კაუმას წერილით მიმართავს და ვიზიტის გადადებისკენ მოუწოდებს

3 ოპოზიციური კოალიცია – ძლიერი საქართველო, კოალიცია ცვლილებისთვის და ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პია კაუმას წერილით მიმართავენ და აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ვიზიტის გადადება საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, ვიდრე რეჟიმი არ აიღებს ვალდებულებას ახალი ს დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიმართ.
წერილში პარტიები საუბრობენ საარჩევნო დარღვევებზე, ოცნების მიერ ყაველაშვილის პრეზიდენტად დასმასა და აქციის მონაწილეებზე ძალადობაზე.
წერილში ნათქვამია, რომ ვიზიტი მიზანშეწონილად მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ ის ხელს შეუწყობს ახალი არჩევნების მოსამზადებელ პროცესებსა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას.
“საქართველოს დემოკრატიული პოლიტიკური ძალების სახელით მადლობას ვუხდით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას და ODIHR-ს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების უზრუნველყოფისადმი გამოჩენილი უწყვეტი ერთგულებისთვის. სამწუხაროდ, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონსტიტუციური და საერთაშორისო დემოკრატიული პრინციპების უხეში დარღვევით. ფალსიფიკაციის მასშტაბმა და ინტენსივობამ ძირი გამოუთხარა საარჩევნო პროცესის ლეგიტიმურობას და საზოგადოებრივ ნდობას. შედეგად, დღეს მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატებით დაკომპლექტებული „პარლამენტი“ და მისი მიერ არჩეული „პრეზიდენტი“ ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად და ვერ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. ბოლო პერიოდში საქართველოში მიმდინარე მშვიდობიანი პროტესტების მონაწილეთა მიმართ განხორციელდა უკანონო დაკავებები, ძალადობა და რეპრესიები.
დღეს 50-ზე მეტი ადამიანი რჩება ციხეში, ასობით კი ადმინისტრაციული ბრალდებების წინაშე დგას. თვითმარქვია რეჟიმის მიზანი საერთაშორისო აღიარების მოპოვებაა. სამწუხაროდ, მსგავსი ვიზიტები ხშირად გამოიყენება მათ მიერ პროპაგანდისტული მიზნებისთვის, რაც კიდევ უფრო ართულებს დემოკრატიული ძალებისა და სამოქალაქო საზოგადოების მდგომარეობას. იმის გათვალისწინებით, რომ „ქართული ოცნების“ თვითმარქვია რეჟიმი არ განიხილავს არც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და არც ახალი არჩევნების ჩატარებას, ვიზიტი მიზანშეწონილად მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ ის ხელს შეუწყობს ახალი არჩევნების მოსამზადებელ პროცესებსა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას.
ამ პირობებში ვიზიტის გადადება იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება, ვიდრე რეჟიმი არ აიღებს ვალდებულებას ახალი არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიმართ”- ნათქვამია წერილში.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა დელეგაციის ვიზიტს საქართველოში 8-10 იანვარს გეგმავს.