28 ნოემბრიდან დღემდე, პროტესტის გაშუქებისას მედიის 181 წარმომადგენელი დაზარალდა – CMIS

მედიის ინფორმაციის და სოციალურ კვლევების ცენტრი (CMIS) ბოლო ერთი წლის განმავლობაში მედიაზე თავდასხმების სტატისტიკას აქვეყნებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის ოქტომბრამდე პერიოდში დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ჯამში 434 ინციდენტი დაფიქსირდა. მაგალითად, ფიზიკური ძალადობა, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ჩარევა, სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაშინება და დისკრედიტაცია, შრომითი უფლებების დარღვევა და ა.შ.
“საქართველოში მედიაგარემო კრიტიკულ მდგომარეობაშია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და მედიების წინააღმდეგ განხორციელდა ისეთი ტიპის დარღვევები როგორებიცაა: ფიზიკური ძალადობა, უკანონო დაკავება/დაპატიმრება, დაკითხვა, გადაღების აკრძალვა, ადმინისტრაციულ შენობებში არშეშვება, უკანონო ჯარიმები, სიტყვიერი შეურაცხყოფა, მუქარა და სხვა. მიუხედავად ასეთი მასშტაბური პრობლემისა, არც ერთი თავდამსხმელი, მათ შორის, საჯაროდ იდენტიფიცირებული პირები, პასუხისგებაში მიცემულები არ არიან მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, გამოცემების – “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს, 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მზია ამაღლობელი პოლიტიკური მოტივით არის გასამართლებული და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. პარალელურად, დამოუკიდებელი მედია და მედიის უფლებებზე მომუშავე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რეპრესიული კანონმდებლობის სამიზნე გახდნენ. “ქართული ოცნების” პარლამენტმა მიიღო არაერთი კანონი თუ ცვლილებები. არსებულ კანონმდებლობაში, რომელიც ეგზისტენციურ საფრთხეს წარმოადგენს დამოუკიდებელი მედიისა თუ სამოქალაქო სექტორისთვის”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
პოლიტიკური მოტივით გასამართლება – 1 შემთხვევა
· 6 აგვისტოს „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.