30 წლის გიორგი კავლელაშვილმა მეუღლეს, 27 წლის ქეთევან ედიბერიძეს დანით მრავლობითი ჭრილობები მძინარეს მიაყენა. რის შემდეგაც მამაკაცმა თვითდაზიანებები მიიყენა. ქალი ინგოროყვას სახელობის კლინიკაში დაიღუპა, მამაკაცს კი ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისათვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
წყვილს 4 თვის ახალშობილი დარჩა.
მკვლელობა ვარკეთილში მოხდა. დანით მიყენებული მრავლობითი დაზიანებებით, 27 წლის ქალი კლინიკაში დღეს დილით შეიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, მას თითქმის მთელი სხეულზე ჰქონდა სისხლმდენი ჭრილობები და საოპერაციო ბლოკში გარდაიცვალა. მეზობლები ამბობენ, რომ დილის საათებში ყვირილის ხმა გაიგეს, თუმცა საეჭვოდ არ ჩაუთვლიათ. წყვილთან ერთად სახლში ქმრის მამაც ცხოვრობდა, დედა კი საზღვარგარეთაა. უცნობია სახლში იმყოფებოდა თუ არა მამამთილი მკვლელობის დროს. არსებული ინფორმაციით, კაცი ხშირად სვამდა, რაც კონფლიქტის მიზეზი ხდებოდა. თუმცა, დანაშაულის მოტივი უცნობია. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 19- 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ცნობისთვის, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა კონსულტაცია უფასოა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 24 საათის განმავლობაში შეუძლია მიმართოს სპეციალურ ცხელ ხაზს, ან დაუკავშირდეს 112-ს.
ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი