27 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე 2 სპეცრაზმელი დააკავეს.
საუბარია 2024 წლის დეკემბერში თბილისში მომხდარ მკვლელობაზე, როცა 27 წლის მიშო ქავთარაძე მისივე კორპუსის ეზოში მოკლეს. ინციდენტის დროს დაჭრეს მიშო ქავთარაძის მამაც და ქავთარაძეების ორი მეზობელი. არსებობს შემთხვევის ამსახველი ვიდეო კადრებიც.
მომხდარიდან 1 წელზე მეტი ხნის შემდეგ, სპეცრაზმელები გუშინ 5 თებერვალს, დააკავეს. „ტვ პირველის“ ინფორმაციით, დაკავებულები თორნიკე გოგიძე და ოთარ მარანელი არიან. როგორც ნეტგაზეთს პროკურატურაში განუცხადეს, ისინი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით არიან დაკავებული, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
მოკლული ბიჭის დედა „ტვ პირველთან“ ამბობს, რომ სპეცრაზმელები არა ჯგუფური ძალადობის, არამედ მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალდებით უნდა დაეკავებინათ.
როგორც დედა აცხადებს, დანაშაულის ადგილზე ცივი იარაღი სწორედ სპეცრაზმელებმა მიიტანეს, რის შემდეგაც მიშო ქავთარაძე ერთ-ერთი სპეცრაზმელის თორნიკე გოგიძის ძმამ, დათო გოგიძემ დაჭრა, რომელიც მომხდარიდან მალევე ცხელ კვალზე დააკავეს.
„მადლობა, რომ დააკავეს, ერთი წლის შემდეგ, მადლობა, რომ გაახსენდათ, ან აქამდე რატომ არ იყვნენ დაკავებულები. დაკავებულები არიან ჯგუფურ ძალადობაზე და არანაირი მკვლელობის თანამონაწილეობა. ვითხოვ აუცილებლად გადაკვალიფიცირდეს ბრალი. გამწარებულ დედას წინ ვეღარავინ ვეღარ დაუდგება. ნამდვილად აღარ მოვტყუვდები.
სად არის ჩემი შვილი? ძალადობაა მხოლოდ? თავიდანვე გამოძება არ წარიმართა სწორად. თავიდანვე რომ დაეკავებინათ ყველა თანამონაწილე, ნივთმტკიცებულებასაც იპოვნიდნენ და ყველაფერს გაარკვევდნენ. სამწუხაროდ ჩაიფარცხა. უნდოდათ, რამენაირად გამომძვრალიყვნენ გდდ-ს თანამშრომლები.
მეორე, მესამე დღეს აბსოლუტურად ყველაფერი მოშორებული ჰქონდათ. კადრებში ჩანს მშვენივრად. ბოლო კადრი, როცა თავისი ძმა აკეთებს ორგანიზებას, ვინ საით გაქცეულიყო. რომ არა თორნიკე გოგიძე, დღეს ჩემი შვილი აქ იქნებოდა.
დაჭრილს, უგონო ჩემს შვილს ზედ აჯდება და სასიკვდილოდ, გამეტებით ურტყამს. იმ დღესვე უნდა დაეკავებიათ თორნიკე გოგიძე და არა ერთი წლის თავზე.
დაკავება კი არა კიდევ ძალიან დიდხანს სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა და სახელმწიფოს ემსახურებოდა ეგ მოძალადე მკვლელი. რამოდენიმე არის კიდევ გარეთ და ვითხოვ იმათ დაკავებასაც. ვის რა მუხლი ეკუთვნის, იმის მიხედვით უნდა დაისაჯოს ყველა”, – ამბობს მიშო ქავთარაძის დედა „ტვ პირველთან“.




