27-ე ტური. ლიდერსა და მდევარს შორის სხვაობა შემცირდა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 27-ე ტური გაიმართა. დინამო თბილისმა თითქმის მთელი მატჩი ათი კაცით ჩაატარა და მაინც მოუგო ლიდერ გორის დილას. სამ-სამი ქულა მიითვალეს ტორპედომ, იბერია 1999-მა და სამგურალმაც. ერთადერთი ფრე ზღვისპირულ დერბიში ვნახეთ.
კოლხეთი 1913 2:2 დინამო ბთ
ზღვისპირული დერბი ფრედ დასრულდა. ფოთელები ორი ბურთის სხვაობით უგებდნენ ბათუმელებს, მაგრამ სტუმრებმა მოახერხეს ქულის აღება.
კოლხეთი 1913 პირველი ტაიმის ბოლოს დაწინაურდა გიორგი ხარებავას სოლო-გოლით. გარღვევა და საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტი დარტყმა – 1:0.
მეორე ნახევარი ახალი დაწყებული იყო, როცა ფოთელთა კონტრშეტევისას ხარებავამ საგოლე პასი გააკეთა და რომან პლიუშჩიმ თავით გაიტანა. 2:0. სხვათა შორის, ხარებავამ და პლიუშჩიმაც სადებიუტო გოლები მიითვალეს მიმდინარე სეზონში.
მე-60 წუთზე ბათუმელებმა შეამცირეს სხვაობა. კომბინაციური გოლი, ოთხსვლიანი გათამაშება და ბოლოს გურამ ჯაფარიძის ზუსტი დარტყმა. ფოთელებისა არ იყოს, ჯაფარიძემაც პირველი გოლი გაიტანა…
მერე კი ჯაფარიძის პასს მოჰყვა ლუკა წულუკიძის დარტყმა და 2:2.
ფოთელები ბოლო ადგილზე არიან, ბათუმელები კი მეხუთეზე. ისე, ბათუმელებს 7-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ.
გარეჯი 1:3 ტორპედო
ქუთაისის ტორპედომ მოუგო ბოლოსწინა ადგილზე მყოფ გარეჯს, რომელმაც ბოლოს 9 ტურის წინ სწორედ ქუთაისელებთან გაიმარჯვა.
პირველი ტაიმის შუაში ტორპედო კომნენ ანდრიჩმა დააწინაურა. პაატა ღუდუშაურმა ჩააწოდა, ალეკო ბასილაძემ თავით დაუგდო ბურთო ანდრიჩს და მანაც ახლოდან გაიტანა.
ქუთაისელთა მომდევნო ორი გოლი კი ღუდუშაურმა გაიტანა, ჯერ ფეხით, მერე თავით. ორივეჯერ ბასილაძე იყო ასისტენტი. საინტერესოა: გოლები გავიდა 24-ე, 34-ე და 44-ე წუთებზე, სამივეჯერ ბასილაძის პასებით…
მე-60 წუთზე გარეჯის ხანგრძლივ შეტევას მოჰყვა გიორგი გოგოლაშვილის გოლი და ანგარიში 1:3 გახდა. მალევე, საგარეჯოელები ათი კაცით დარჩნენ, რადგან არბიტრმა გიორგი ავაზაშვილმა ნახევარწუთიან ეპიზოდში ორჯერ უჩვენა ყვითელი ბარათი თამაზ ცეცხლაძეს.
გაგრა 1:3 იბერია 1999
იბერია 1999-მა გაგრას აჯობა და ლიდერ დილას სამი ქულითღა ჩამორჩება. იბერიელთა მთავარი მწვრთნელის რანგში დებიუტი ჰქონდა გუგა ნერგაძეს და მოგებითაც აღნიშნა.
27-ე წუთზე გავიდა პირველი გოლი: გურამ გოშთელიანის კარგი პასის მერე ლუკა სილაგაძემ ზუსტად დაარტყა და 0:1.
მალევე გაათანაბრა გაგრამ, კერძოდ, დავით გოცირიძემ ეფექტურად გაიტანა თავურით…
პირველ ტაიმში კიდევ ერთი გოლი ვნახეთ და ისევ ლუკა სილაგაძემ მიითვალა: შორიდან ძლიერი დარტყმით.
მეორე ნახევარში კი იბერია 1999-მა სხვაობა გაზარდა: კარგად გაითამაშეს საჯარიმო და ბოლოს გიზო მამაგეიშვილის პასს მოჰყვა დერეკ აგიაკვას გოლი – 1:3.
სამგურალი 1:0 თელავი
ექვსქულიანის რომ ეძახიან, ასეთი მატჩი იყო წყალტუბოში. მეშვიდე და მერვეადგილოსნების დაპირისპირება. წყალტუბოს სამგურალმა თელავს სძლია და 4 ქულით გაუსწრო…
ერთადერთი გოლი ბრაზილიელმა მცველმა პაბულუ რიანმა გაიტანა. მან ირაკლი ჯანჯღავას პასის მერე უშანსოდ დატოვა მეკარე ოლექსეი შევჩენკო. ეს პაბულუ რიანის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
სამგურალმა წლეულს სამი მატჩიდან სამივე მოუგო თელავს.
დინამო თბ 2:0 დილა
დინამო თბილისმა თითქმის მთელი მატჩი ათი კაცით ჩაატარა, მაგრამ მაინც მოუგო ლიდერ გორის დილას. მე-10 წუთზე მასპინძლებს ბარნს ოსეი გაუძევეს. განელმა ოსეიმ ალექსანდრე ანდრონიკაშვილის წინააღმდეგ იუხეშა და არბიტრმა ირაკლი შენგელიამ ჯერ ყვითელი ბარათი უჩვენა, მაგრამ VAR-ზე გადაამოწმა ეპიზოდი და ყვითელი წითლით გადააკეთა.
ზედ შესვენების წინ დინამო დაწინაურდა. კოტდივუარელმა საყრდენმა აბდულაი იორომ შორიდან ცხრიანში გაიტანა. ლამაზი გოლი იყო, თანაც ეს იოროს პირველი გოლია საქართველოში.
მომენტები საკმაოდ იყო. დილა ცდილობდა გათანაბრებას, თუმცა გოლი ვერა და ვერ გაიტანეს. პირიქით, მსაჯის მიერ დამატებულ მერვე წუთზე დინამომ დაასრულა ინტრიგა: კონტრშეტევისას ონორე გომისმა პირისპირ დატოვა მათე ვაწაძე და მანაც დაბალი დარტყმით 2:0 გახადა ანგარიში.
დინამო თბილისი მესამე ადგილზეა, დილა კი ისევ ლიდერობს, მაგრამ იბერია 1999-ს ახლა მხოლოდ სამი ქულით უსწრებს.
erovnuliliga.ge
ბოლო წუთების ფასი… “დილამ” და “სამგურალმა” მოიგეს, “იბერია 1999”-“გარეჯი” ფრედ დასრულდა
GEO TEAM: ლევან კორღალიძე “იბერია 1999”-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
კომბინაცია და გოლი, რომლის ხილვაც ღირდა – რეპორტაჟი თელავიდან და სანიოლი ლიდერების მატჩზე [VIDEO]
ეროვნული ლიგა. VIII ტური. “საბურთალო” – “თელავი” [LIVE]
ეროვნული ლიგა. VIII ტური. “დილა” – “სამგურალი” [LIVE]
“ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია” – გიორგი ჭიაბრიშვილი “გარეჯთან” გამარჯვების შემდეგ
ეროვნული ლიგა. VIII ტური. “სამტრედია” – “გაგრა” [LIVE]
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი – 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი… [VIDEO]