26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებულ სარჩელებს სააპელაციო სასამართლო მხარეების მონაწილეობის გარეშე განიხილავს

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის”, “ძლიერი საქართველოსა” და საია-ს სარჩელებს, რითაც ისინი 26 ოქტომბრის საპარლამენტო ს შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდნენ, სააპელაციო სასამართლო მხარეების მონაწილეობის გარეშე განიხილავს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საია-ს თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ განუცხადა, სააპელაციო სასამართლოს ეს მიდგომა ემსახურება შემდეგ მიზანს – სასამართლოს რაიმე დისკომფორტი არ შეექმნას საქმის განხილვისას და ისე გადაწყვიტოს საქმე, რომ მხარეებს არც კი მოუსმინოს.
ამასთან, მისივე განმარტებით, აღსანიშნავია ისიც, რომ სასამართლო სხდომის ზეპირი მოსმენის გარეშე ჩატარება შესაძლებელია, თუმცა ეს უნდა გადაწყდეს თვითონ საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე. ამ შემთხვევაში კი, ქურდოვანიძის თქმით, ამ საქმის მხარეების მონაწილეობის გარეშე განხილვა მიუღებელია, რადგანაც საქმე ეხება ამომრჩევლის 90%-ის საარჩევნო ხმის უფლებას.
„დღეს ჩვენ ველოდებოდით, რომ სხდომა ჩაინიშნებოდა სასამართლოში და მოუსმენდნენ ჩვენ პოზიციებს, მაგრამ როგორც შეგვატყობინეს, დღეს, 16:00 საათზე სხდომა მხარეების მონაწილეობის გარეშე გაიმართება, ანუ ზეპირი მოსმენის გარეშე. რა თქმა უნდა, ეს არ ემსახურება მართლმსაჯულების საუკეთესო ინტერესებს იქიდან გამომდინარე, რომ ამ საქმეზე არსებობს ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, ეს საქმე ეხება ამომრჩევლის 90 პროცენტის საარჩევნო უფლებას და ჩვენ უნდა მოგვცემოდა შესაძლებლობა, რომ ჩვენი არგუმენტები სასამართლოს წინაშე გაგვეჟღერებინა, მომხდარიყო მტკიცებულებების გამოკვლევა, მოსამართლეებისთვის მიგვეთითებინა შესაბამის მტკიცებულებებზე, რომელსაც საქმისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს. ასევე, ჩვენ დავაყენეთ სხვადასხვა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უართან დაკავშირებით შესაბამისი არგუმენტები და ეს საჩივრები წარმოდგენილი იყო სააპელაციო ეტაპზე, როგორც იცით, პირველმა ინსტანციამ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობები. მხარეების ჩართულობის გარეშე ამ საკითხის ასე განხილვა, რა თქმა უნდა, ემსახურება იმ მიზანს, რომ სასამართლოს რაიმე დისკომფორტი არ შეექმნას საქმის განხილვისას და ისე გადაწყვიტონ საქმე, რომ მხარეებს არც მოუსმინონ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვეთანხმებით საქმის ასე გადაწყვეტას. ფორმალურად საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე ჩატარება შესაძლებელია, მაგრამ ეს უნდა გადაწყდეს საქმის მნიშვნელობის, მისი შინაარსის და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, რაც სასამართლოს მხრიდან ეს ინტერესები მიღებული არ ყოფილა“, -განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის”, “ძლიერი საქართველოსა” და საია-ს სარჩელები, რითაც მხარეები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდნენ. სასამართლომ სამივე სარჩელი გააერთიანა და ერთობლივად განიხილა, გადაწყვეტილება კი, 13 საათიანი მსჯელობის შემდეგ გამოაცხადა. მხარეები სხდომაზე აცხადებდნენ, რომ ფოტო-ვიდეოს სახით არაერთი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე -სგან ხმის ფარულად მიცემის პროცედურა დაირღვა.