26 ოქტომბრის არჩევნების გამო, აფხაზურმა მხარემ ენგურის ხიდი უკვე ჩაკეტა

აფხაზურმა მხარემ ენგურის ხიდის გამშვები პუნქტი 23 ოქტომბერს ჩაკეტა, რითაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე გალში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ხმის მიცემის შესაძლებლობა წაერთვათ.
გამშვები პუნქტის ჩაკეტვის ოფიციალური მიზეზი სოხუმის განცხადებით, სწორედ მოახლოებული საპარალამენტო ა საქართველოში. ენგურის გამშვები პუნქტის გახსნა, ოფიციალური ცნობითვე, 30 ოქტომბერსაა დაგეგმილი.
შესაბამისად, გალის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 23 ოქტომბრამდე გადმოვიდა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.
ამავე თემაზე:
“ჩვენთვის არაფერი გაუკეთებია ხელისუფლებას” – გალში “ოცნების” მხარდამჭერთა პოვნა რთულია
რამდენიმე დღით ადრე, სოხუმმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სასაზღვრო რაიონებში უპილოტო საფრენი აპარატების უკანონო ფრენების შესახებ არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, ე.წ. უშიშროების საბჭოს წევრებმა განიხილეს ს [დე ფაქტო] “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინადადება, 2024 წლის 23 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით დროებით შეაჩერონ მოქალაქეთა გადასვლა აფხაზეთისა და საქართველოს საზღვარზე”. აღნიშნული გადაწყვეტილება გამოწვეულია 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დროს “რადიკალური ძალების შესაძლო პროვოკაციების მცდელობებით”.
დე ფაქტო უშიშროების საბჭოს წევრებმა მოიწონეს დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების სამსახურის წინადადება ენგურის საგუშაგოზე გადასვლის შეჩერების შესახებ, თუმცა დაწესდა გარკვეული გამონაკლისები: “უკან დაბრუნება შეეძლებათ აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებსა და ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს, რომლებიც ადრე ლეგალურად გადავიდნენ საქართველოში. ასევე, მოიაზრება ენერგეტიკული სისტემის უწყვეტი ფუნქციონირება (“ჩერნომორენერგოს” მეშვეობით)”.
დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებს დაავალა მუშაობის გაძლიერება საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დროს.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე გამშვები პუნქტი ქართულ მხარეს ცხინვალმაც ჩაკეტა.
“სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საქართველოს პროდასავლური და ნაციონალისტური რადიკალური ძალების მხრიდან შესაძლო პროვოკაციების გამორიცხვის მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ოქტომბერში “რაზდახანსა” და “პერევში” სახელმწიფო სასაზღვრო გამშვები პუნქტების ფუნქციონირების გამარტივებული წესით შეჩერების შესახებ”, – იტყობინება დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესსამსახური.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება.