“26 ოქტომბერს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რა უნდა” – “BEKO საქართველოს” დირექტორი

“BEKO საქართველოს“ გენერალური დირექტორი მეჰმეთ მელექი, რომელიც საქართველოში 90-იან წლებში ჩამოვიდა, 2003 წლიდან ამ ქვეყნის მოქალაქეა და შესაბამისად, 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.
„არჩევნებზე ხმის მიცემა ჩემი უფლებაა და მინდა, მეც მივცე ხმა… როგორ თქვენთვის, ისე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში სტაბილურობა იყოს. გვახსოვს ძველი დრო საქართველოში, რაზედაც წინა ინტერვიუებშიც მისაუბრია, როცა 90-იანებში არც შუქი იყო და არც წყალი… ახლა სტაბილურობაა, ქვეყანაში კარგი მდგომარეობაა და მინდა, უფრო მეტი სტაბილურობა იყოს. ჩემი და ჩემი ოჯახისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქ ვცხოვრობთ. ჩემი შვილები აქ გაიზარდნენ, აქაური კულტურა მიიღეს, აქ სწავლობენ. მინდა, ამ ქვეყანაში იყოს ეკონომიკური განვითარება და ყველა იყოს კარგად“, – თქვა მეჰმეთ მელექმა „წერტილთან“ ინტერვიუში.
მისივე თქმით, “26 ოქტომბერს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რა უნდა“ .
– ხალხის წინ ვერავინ და ვერაფერი დადგება. ყველამ პატივი უნდა სცეს ხალხის არჩევანს.
– რა იქნება თქვენთვის მთავარი არჩევანის გაკეთებისას – როგორი საქართველო გინდათ, რომ მივიღოთ?
– მე მინდა, რომ საქართველო იყოს კარგად. ხალხი იყოს კმაყოფილი თავისი არჩევანით. იმედი მაქვს, 27 ოქტომბრიდან ქვეყანაში უფრო კარგი მდგომარეობა იქნება… გვინდა, რომ სტაბილურობა იყოს ქვეყანაში და რაც ამ პერიოდში ხდება, 25-26 ოქტომბერს დამთავრდეს და 27 ოქტომბრიდან ქვეყანაში იყოს სტაბილურობა და მივხედოთ ბიზნესს, რომ ყველაფერი იყოს კარგად.
„BEKO საქართველოს“ გენერალური დირექტორის აზრით, საქართველოს განვითარებისთვის სტაბილურობა და ერთობლივი, გუნდური მუშაობა სჭირდება.
„როგორც ჩვენ {„BEKO საქართველო“} გუნდური მუშაობით ვართ წარმატებული, ასე უნდა იყოს ქვეყანაშიც. ყველამ თავისი აზრი უნდა გამოხატოს და შემდეგ ერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. წარმატებისთვის საჭიროა სტაბილურობა და დაძაბულობის დამთავრება“, – განაცხადა მეჰმეთ მელექმა.
„BEKO საქართველოს“ გენერალური დირექტორი იმედოვნებს, რომ ს შემდეგ ქვეყანაში მეტი ინვესტიცია შემოვა“.
„ზოგადად, არა მხოლოდ საქართველოში, თურქეთშიც და სხვა ქვეყნებშიც ასეა – არჩევნების პერიოდი როცა მოდის, ინვესტიციების ნაკადი ნელდება; არჩევნების შემდეგ კი, თუ სტაბილურობა იქნა ქვეყანაში, ინვესტიციები იმატებს. არჩევნების წინა თვეები რადგან არის, ვფიქრობ, ბევრი ინვესტიცია გაჩერდა ან შენელდა. ალბათ არჩევნების შემდეგ, სტაბილურ საქართველოში ყველაფერი კარგად იქნება და მეტი ინვესტიცია შემოვა. ვფიქრობ, თურქი ბიზნესმენებიც არჩევნების დასრულებას ელოდებიან და ახალი წლიდან რამდენიმე მსხვილი ინვესტორი შემოვა საქართველოში“, – განაცხადა მეჰმეთ მელექმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართველი ხალხი უკვე შევეგუეთ იმ ფაქტს, რომ ევროპარლამენტის ბოლოდროინდელი რეზოლუციები გამოირჩევა პირადი თავდასხმებითა და ცრუ ნარატივების დამკვიდრების მცდელობებით“ – შალვა პაპუაშვილი