26 ოქტომბერს წერტილი უნდა დავუსვათ მმართველი პარტიის კურსს, ქვეყანა უნდა დავიბრუნოთ – რესტორატორი

რესტორატორ მერიკო გუბელაძის აზრით, 26 ოქტომბერს, საქართველოში წერტილი უნდა დავუსვათ მმართველი პარტიის კურსს.
“რაღაცნაირად უნდა შემოვატრიალოთ ეს ქვეყანა ევროპულ გზაზე, ჩვენ უნდა დავიბრუნოთ და უკეთეს გზაზე წავიყვანოთ“, – ასე უპასუხა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ რესტორატორმა წამყვანის შესაბამის კითხვას.
ცნობილი რესტორნების – „შავი ლომის“, „ლეილას“, „ნინიას ბაღის“ და „კაკლების“ მმართველი მიიჩნევს, რომ სარესტორნო ბიზნესიც, ისევე როგორც სხვა სფეროები, პირდაპირ მიბმულია იმ პოლიტიკურ პროცესებთან, რაც ქვეყანაშია.
„სადაც ქვეყანა წავა, იქ წავა ბიზნესიც, რადგან პირდაპირ კავშირშია ჩვენი ბიზნესი ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებთან“, – აღნიშნა მერიკო გუბელაძემ.
რესტორატორი ამბობს, რომ „რუსული კანონებით“ საქართველოში ცხოვრება და ბიზნესის კეთება მისთვის მიუღებელია და 26 ოქტომბრის თ საქართველო ევროპულ კურსს არ დაუბრუნდა, სავარაუდოდ, ქვეყნიდან წავა.
“პოლიტიკური მოვლენები არის ის, რაც პირდაპირ გვირტყამს ხოლმე და ამის ძალიან კარგი მაგალითი იყო წელს, როცა სარესტორნო ბიზნესს არაჩვეულებრივი აპრილი ჰქონდა, მაგრამ როცა {რუსული კანონი ისევ დაბრუნდა დღის წესრიგში}, ეს ყველასთვის მოულოდნელი დარტყმა და შოკი აღმოჩნდა;
არ ვიცოდით ბრაზისგან რა გვექნა და სად წავსულიყავით. რა თქმა უნდა, ყველაფერი დაეტყო ბიზნესის მუშაობას, მაგრამ არც ერთხელ არ მიფიქრია – „რას დგას ეს ხალხი რუსთაველზე, წავიდეს სახლში, რესტორნებმა უნდა იმუშაოს-მეთქი“ – პირიქით, მიხაროდა, რომ ამდენი ხალხი იყო რუსთაველის გამზირზე და საკუთარ პროტესტს გამოხატავდა. ჩვენი ხალხის იმედი ყოველთვის მაქვს და დარწმუნებული ვარ, როცა დაგვჭირდება, ხალხი ისევ დადგება ქუჩაში.
რა იქნება მომავალში? – ვითარება ძალიან არაპროგნოზირებადია, მაგრამ თუ ჩვენ წავალთ იქ, სადაც გვეშინია და პატარა თავისი კანონებით გვექნება აქ, ბიზნესსა და ციფრებზე საუბარი ზედმეტია… ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის მიუღებელი იქნება ამ ქვეყანაში ცხოვრება, რადგან მე უნდა მომწონდეს ის, რასაც ვაკეთებ, უნდა მომწონდეს აქ ჩამოსული ტურისტი, უნდა მინდოდეს მას რაღაცა გავაცნო, გავასინჯო და მოვუყვე და თუ საბჭოთა კავშირში ვბრუნდებით, იმ ტურისტების მომსახურება არ მაინტერესებს.
მე დავიბადე საბჭოთა კავშირში და არც როგორც მოქალაქეს, არც როგორც რესტორატორს არ მაინტერესებს ქვეყანა, სადაც საბჭოთა კავშირი დაბრუნდება… ალბათ დავიხურავ ქუდს, მაგრამ იცით, ესეც არასწორია. ჩვენ რატომ მივდივართ?! სად მივდივართ?! ამდენი ვიშრომეთ, ამდენი რამე შევქმენით და ჩვენ უნდა გავიქცეთ?!“, – ამბობს რესტორატორი მერიკო გუბელაძე.

ასევე დაგაინტერესებთ