საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს მუნიციპალიტეტებში სადღესასწაულო ღონისძიებების მოწყობა იგეგმება. წელს პირველად საღონისძიებო სივრცეების ჩამონათვალში არ მოხვდა თბილისის მთავარი (რუსთაველის) გამზირი, სადაც ოთხ თვეზე მეტია პროევროპული აქციები იმართება ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.
26 მაისისთვის მიძღვნილი ღონისძიებების ჩამონათვალი საქართველოს მთავრობის სახელით 15 აპრილს დამტკიცდა, მასში პასუხისმგებელ უწყებებად ძირითად ნაწილზე კულტურისა და თავდაცვის სამინისტროები არიან განსაზღვრული.
ღონისძიებები გაიმართება:
· თბილისში, ალექსანდრეს ბაღის, ორბელიანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე;
· თბილისში, ორბელიანის ქუჩაზე, პრეზიდენტის სასახლესთან;
· თბილისი, თავისუფლების მოედანზე წვავამდელები დადებენ ფიცს. იგივე ღონისძიება გაიმართება ხუთ მუნიციპალიტეტში;
· ღონისძიებების ორგანიზებაში ჩაერთვებიან: თბილისში – თბილისის მერია, ფოთში შსს და მისი დაქვემდებარებული უწყებები მართავენ ღონისძიებას, გორში – იუსტიციის სამინისტრო და მისი დაქვემდებარებული უწყებები, ზუგდიდში განათლების სამინისტრო და მისი დაქვემდებარებული უწყებები, ქუთაისში, თელავსა და ახალციხეში – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; რუსთავში – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მესტიაში – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მცხეთაში – საგარეო საქმეთა სამინისტრო, ამბროლაურში – ჯანდაცვის სამინისტრო.
სად გაიმართება გალა კონცერტი, ეს დაკონკრეტებული არ არის – რადიო თავისუფლებას ამ საკითხის გარკვევა სურდა კულტურის და თავდაცვის სამინისტროებში, თუმცა პრესსამსახურის თანამშრომლებმა სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.
· 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ეროვნული დღესასწაულია.
· 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი, რომლის საფუძველზეც შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფო.
· 1921 წლის თებერვალში საქართველოში წითელი არმია შემოიჭრა და ქვეყნის ანექსია მოახდინა.
ფორუმი
