2019 წლის 20-21 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დროს დაზარალებული მოქალაქეების საჩივრებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა ზეპირი მოსმენით მიმდინარე წლის 26 თებერვალს განიხილავს. ინფორმაციას საია ავრცელებს.
როგორც ორგანიზაცია იუწყება, ეს არის პირველი პრეცედენტი საქართველოს ისტორიაში ევროპული სასამართლოს დიდი პალატისთვის საქმის მომჩივანთა მოთხოვნით გადაცემის თვალსაზრისით.
“ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს პალატამ ზემოხსენებულ საქმეებთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით (წამების აკრძალვა) განმტკიცებული უფლების პროცედურული დარღვევა ჯერ კიდევ 2024 წლის 7 მაისს დადგინდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფომ არ ჩაატარა ეფექტიანი გამოძიება, რის გამოც მთავრობას გამოძიების ჩატარება დაავალა, ხოლო დანარჩენ უფლებებთან მიმართებით აღინიშნა, რომ დარღვევები სუბსიდიარობის პრინციპიდან გამომდინარე გამოძიების წარმართვის შემდგომ შეფასდება. სასამართლომ გადაწყვეტილებაში არაერთი მნიშვნელოვანი მიგნება გააკეთა, რაც სახელმწიფოს ზოგადი ღონისძიებებისა გატარების ვალდებულებას უდგენს და ხაზს უსვამს იმ სისტემურ დარღვევებზე, რაც შეკრება მანიფესტაციების დაშლისა და შემდგომ გამოძიების პროცესში ვლინდება.
სასამართლომ ნათლად განმარტა, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა, მსგავსი ფართომასშტაბიანი საპოლიციო ოპერაციის დროს დარწმუნდეს, რომ სამართალდამცავები, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ძალადობაში, ამოცნობადნი იყვნენ სამართალდამცავები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მართლწესრიგის დაცვასა და დაკავებაზე, ვალდებულნი არიან ატარონ განმასხვავებელი ნიშანი, მაგალითად, შესაბამისი კოდი .
მიუხედავად სასამართლოს ერთმნიშვნელოვანი განმარტებებისა, საქართველოში პოლიციის თანამშრომლები კვლავაც შენიღბულნი არიან და არ ატარებენ განმასხვავებელ ნიშნებს, რითაც ხდება დაუსჯელობის განცდის განმტკიცება, რაც შემდგომში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დანაშაულთა გამოუძიებლობის საბაბად არის მოხმობილი. საყურადღებოა ისიც, რომ ხსენებული საგამოძიებო სამსახური არც ისეთ ინციდენტებს იძიებს ეფექტიანად რომლებშიც მოძალადე პოლიციელები იდენტიფიცირებადნი არიან.
მიუხედავად არაერთი მნიშვნელოვანი მიგნებისა, საია-მ მომჩივნების სახელით 2024 წლის 1 აგვისტოს სტრასბურგის სასამართლოს წარუდგინა შუამდგომლობა საქმის დიდი პალატისათვის გადაცემის შესახებ, რაც 2024 წლის 23 სექტემბერს დაკმაყოფილდა. მიგვაჩნია, რომ სასამართლოს პალატას საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, შეეძლო კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) მუხლებით გარანტირებულ უფლებათა მატერიალური ნაწილების დარღვევების დადგენა.
აღსანიშნავია, რომ ესაა პირველი პრეცედენტი საქართველოს ისტორიაში ევროპული სასამართლოს დიდი პალატისთვის საქმის მომჩივანთა მოთხოვნით გადაცემის თვალსაზრისით.
შეკრება მანიფესტაციების დროს საპოლიციო ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტების დადგენა საქართველოსთვის განსაკუთრებით აქტუალურია მიმდინარე უწყვეტი პროტესტის ფონზე, რომლის განმავლობაშიც შენიღბული საპოლიციო რაზმების მიერ რამდენიმე ასეული ადამიანი დაექვემდებარა წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას და უკანონო დარბევას. არაერთი ადამიანი გახდა სპეციალური საშუალებების გამოყენების სამიზნე, რის შედეგადაც მათ მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანებები.
მხარეთა შორის ზეპირი პაექრობა 2025 წლის 26 თებერვალს, საქართველოს დროით 12:00 საათზე დაიწყება, სხდომის ვიდეო ტრანსლაცია სასამართლოს ვებგვერდზე იქნება ხელმისაწვდომი.
20 ივნისის მოვლების მსხვერპლთა უფლებებს სასამართლოს წინაშე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრის (EHRAC) იურისტები დაიცავენ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
