26 ათას 60 მდინარიდან, 18 ათას 109 დასავლეთ საქართველოში მდებარეობს – „საქსტატის“ სტატისტიკური პუბლიკაცია

მდინარეების ქსელი არათანაბრადაა განაწილებული. 26 060 მდინარიდან, რომელთა საერთო სიგრძე დაახლოებით 60 000 კმ-ია, 18 109 მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 7951 – აღმოსავლეთ საქართველოში – ამის შესახებ ნათქვამია „საქსტატის“ სტატისტიკურ პუბლიკაციაში „საქართველოს ბუნებრივი რესურსები და გარემოს დაცვა, 2023“.
„მდინარეთა უმეტესობა (25 923 მდინარე) 25 კმ-ზე ნაკლები სიგრძისაა, 121 მდინარე – 25-100 კმ და 16 მდინარე – 100-500 კმ სიგრძის. საქართველოს მდინარეები ეკუთვნიან შავი და კასპიის ზღვის აუზებს.
აღმოსავლეთ საქართველოს თითქმის ყველა მდინარე ქმნის მტკვრის ერთიან სისტემას და ჩაედინება კასპიის ზღვაში, დასავლეთ საქართველოს მდინარეები კი დამოუკიდებლად ერთვიან შავ ზღვას.
საქართველოს მდინარეები საზრდოობენ მყინვარების, თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. საქართველოს
წყლის რესურსები არათანაბრადაა განაწილებული. დასავლეთ საქართველოს მდინარეთა ჩამონადენი (ტრანზიტულთან ერთად) 49.8 კმ3-ია, აღმოსავლეთ საქართველოსი – 16.5 კმ3. ყველაზე წყალუხვია რიონი,
მტკვარი გაცილებით ნაკლებწყლიანია, მისი ჩამონადენი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან 8.3 კმ3-ია.
დანარჩენი მდინარეებიდან აღსანიშნავია ენგური, კოდორი, ბზიფი, ცხენისწყალი, ყვირილა, ლიახვი, არაგვი,
ქცია-ხრამი, ალაზანი და სხვა“ – ნათქვამია პუბლიკაციაში.