მოკლედ
· 64 მუნიციპალიტეტიდან 25-ში “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ მერობის კანდიდატებს 4 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებში კონკურენტები არ ჰყავთ.
· 28 ქალაქში მერობის კანდიდატი ვერ წარადგინა “ლელომ” და “გახარია საქართველოსთვის”, რომლებიც ამ არჩევნებში მონაწილეობას შეთანხმებული კანდიდატებით იღებენ.
· ოპოზიციას პრობლემები აქვს საარჩევნო კომისიებში წევრების ყოლაზეც – 3055 საარჩევნო უბნიდან ლელის 253 უბანზე კომისიის წევრი არ ჰყავს, ხოლო გახარიას პარტიას 1337 უბანზე.
· ოპოზიციის სიმწირეა საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატებშიც – 1088 საარჩევნო ოლქში 431-ში ოპოზიციას კანდიდატი არ ჰყავს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კანდიდატების რეგისტრაცია არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, 4 სექტემბერს დასრულდა – ცესკოს მონაცემებით, ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობს, რიგ ქალაქებში თითქმის არ არის წარმოდგენილი.
ქართულ ოცნებას ქალაქის მერობის კონკურენტი არ ჰყავს შემდეგ ქალაქებში: გურჯაანში, საგარეჯოში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხში, ყვარელში, თიანეთში, გარდაბანში, დმანისში, წალკაში, თეთრიწყაროში, ახალციხეში, ადიგენში, ასპინძაში, ახალქალაქში, ნინოწმინდაში, ონში, ამბროლაურში, ცაგერში, მესტიაში, საჩხერეში, ბაღდათში, ვანში, ტყიბულში, აბაშაში,მარტვილში, ფოთში.
ყაზბეგში, ხაშურსა და ლენტეხში ოცნების კონკურენტები საინიციატივო ჯგფუფების მიერ წარდგენილი კანდიდატები არიან.
„ლელოსთან“ შეთანხმების ფარგლებში მერები წარდგენილია თითქმის ყველა რეგიონულ ცენტერში – 40-მდე მუნიციპალიტეტში. ხოლო პარტიული სია აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში” – გვითხრეს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიაში, სადაც ვიკითხეთ, რამ განაპირობა კანდიდატების სიმწირე როგორც საარჩევნო კომისიებში, ისე მერობის კანდიდატებში.
პარტია ლელოს წევრი გიორგი სიორიძე კი რადიო თავისუფლებას უხსნის, რომ საარჩევნო უბნებზე მათ კომისიის წევრები არ ჰყავთ მხოლოდ იმ უბნებში, სადაც მოსახლეობის მცირე რაოდენობაა, თუმცა არჩევნების დღეს ყველა უბანზე ეყოლებათ წარმომადგენლები, რომლებსაც შეეძლებათ საჩივრების დაწერა და საარჩევნო პროცესზე დაკვირვება.
“ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ მნიშვენლოვანი იყო ბრძოლა რათა ივანიშვილმა ვერ შეძლოს თავისი ავტორიტარული ძალაუფლების სრული კონსოლიდაცია და ჩაბეტონება მუნიციპალურ დონეზე, შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ ამ ბრძოლაში მიგვეღო მონაწილეობა იმ მუნიციპალიტეტებზე გათვლით, სადაც ჩვენ ვნახეთ რომ ამომრჩეველმა ქართულ ოცნებას უთხრა უარი. ეს პირველ რიგში ეხებოდა დიდ ქალაქებს და მსხვილ მუნიციპალიტეტებს, შესაბამისად აქ ჩვენ ორმა პარტიამ დავაყენეთ მერობის კანდიდატები. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მცირე მუნიციპალიტეტებს არ ვანიჭებთ მნიშვნელობას, წარდგენილი გვყვავს საკრებულოს კანდიდატები – ყველას კარგად უნდა ესმოდეს რომ ასეთი ტიპის ავტორიტარული მმართველობის პირობებში ძალიან დიდია ზეწოლა და ზეგავლენა მუნიციპალიტეტებში დაბების და სოფლების დონეზე და ეს პოტენციური კანდიდატებისთვისაც ნიშნავს დიდ ზეწოლას” – უთხრა გიორგი სიორიძემ, რომელიც თვლის რომ ოპოზიციური სპექტრის სრული ერთიანობის შემთხვევაში, “ორმაგი ძალებით გაცილებით დიდი წინააღმდეგობის გაწევას შეძლებდნენ.”
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სულ 12 პარტია მონაწილეობს:
· „ქართული ოცნება“
· ძლიერი საქართველო-ლელო
· „გახარია საქართველოსთვის“
· გირჩი
· „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
· „კონსერვატორები საქართველოსთვის“
· მწვანეთა პარტია
· მამული, ენა, სარწმუნოება“
· „სახალხო ხელისუფლება“
· საქართველო“
· „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“
· „თავისუფალი საქართველო“.
პარტიების უმეტესობას, მხოლოდ თბილისის მერობის კანდიდატები ჰყავდათ. ჯამში თბილისს მერობის 9 კანდიდატი ჰყავს.
