25 ივლისი საქართველოს სტატისტიკის დღეა

დღეს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური დაარსებიდან 105 წლის იუბილეს აღნიშნავს.
ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.
მათი თქმით, 1919 წლის 25 ივლისს შეიქმნა ქვეყნის პირველი სტატისტიკის სამსახური. შესაბამისად, აღნიშნული თარიღი საქართველოში ოფიციალური სტატისტიკის წარმოების დაწყებას უკავშირდება.
„1918 წლის მაისს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, დღის წესრიგში დადგა სტატისტიკური სამსახურის შექმნის საკითხი, რომელიც თავს მოუყრიდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ამსახველ სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის სტატისტიკურ მაჩვენებლებს.
შემდგომი ნაბიჯი, სტატისტიკური ორგანოს უფრო მაღალ რანგში აყვანის მიზნით, 1919 წლის 25 ივლისს გადაიდგა – მას შემდეგ, რაც საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო კანონი „ცენტრალური სასტატისტიკო კომიტეტის დაარსების“ შესახებ, რომლის საფუძველზეც რესპუბლიკის ცენტრალური სასტატისტიკო კომიტეტი შეიქმნა, რომელსაც ყოველგვარი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სტატისტიკური სამუშაოების წარმართვა დაევალა.
დღეისათვის, საქსტატი დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს წარმოადგენს, რომელიც თავის საქმიანობას საერთაშორისო სტანდარტების, მეთოდოლოგიების და საერთაშორისოდ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად ახორციელებს. მისი საქმიანობა მთლიანად გაეროს ოფიციალური სტატისტიკის წარმოების ფუნდამენტურ პრინციპებსა და ევროპის სტატისტიკის პრაქტიკის კოდექსს ეფუძნება, რაც უზრუნველყოფს პროფესიული დამოუკიდებლობის მაღალ ხარისხს, წარმოებული მონაცემების სანდოობას, ობიექტურობას, კონფიდენციალურობის პრინციპების დაცვას და რესურსების ეფექტიანად გამოყენებას.
„საქსტატი“ ყველა მოქმედ და ყოფილ თანამშრომელს, ყველა სტატისტიკოსს და დარგის გულშემატკივარს ულოცავს პროფესიულ დღეს!“ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ