„24 400-ზე მეტმა ადამიანმა მოგვმართა, რომ არის ლუდომანი და თამაშისგან თავის დაცვა სურს“ – ლევან დგებუაძე

დღეის მდგომარეობით, 24 400-ზე მეტმა ადამიანმა მოგვმართა, რომ არის ლუდომანი და თამაშისგან თავის დაცვა სურს, – ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა ლევან დგებუაძემ გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა.
მისივე თქმით, თამაშობების ორგანიზატორები ვალდებულები არიან აღნიშნული პირი სათამაშო სივრცეში არ შეუშვან და ელექტრონულ თამაშებში თამაშის უფლება არ მისცენ.
“2025 წლის პირველი იანვრიდან კანონში შესული ცვლილების თანახმად, სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის განაკვეთი 20%-ით გაიზარდა. 2022 წლის 1-ელი მარტიდან სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციები მოქმედებს. ეს ჩვენი მოქალაქეების დაცვას ემსახურებოდა, რომ ამ მიმართულებით ჩართული ნაკლებად ყოფილიყვნენ. ამან შედეგი გამოიღო. დღეის მდგომარეობით, 24 400-ზე მეტმა მოქალაქემ თავად განაცხადა, რომ არის ლუდომანი და უნდა, რომ თავი დაიცვას. კანონმა მათ მისცა საშუალება ან გვესტუმროს მომსახურების სერვის ცენტრში, ან ელექტრონულად მოგვმართოს. ჩვენ შევიტანთ რეესტრში მას, ხოლო ორგანიზატორები ვალდებულები არიან ეს პირი სათამაშო სივრცეში არ შეუშვან და ელექტრონულ თამაშებში თამაშის უფლება არ მისცენ. ეს არის ნებაყოფლობით მომართვის ნაწილი, თუმცა არის მეორე ნაწილი, რომელთაც კანონმა დაუდგინა, რომ ასეთ თამაშებში მონაწილეობას ვერ მიიღებდნენ.
ეს სფერო რეგულირდება ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად და ეს ცვლილებები ძირითადად აზარტულ და მომგებიან თამაშობებს შეეხება. ამ სფეროში გადასახადების გადამხდელები არიან ისინი, ვინც ამ საქმიანობას აორგანიზებს. დღეის მდგომარეობით, 100-მდე მოქმედი ნებართვაა გაცემული, რომლებიც ამ დარგში მოსაკრებელს იხდიან. შერჩეული გვყავს პირი, რომელიც მათ ნებისმიერ ფსონზე გაცემულ მოგებაზე, ანუ ე.წ. შემოსავლებზე მონიტორინგს აწარმოებს. სისტემური მონიტორინგი გვაქვს, დაერთებული ვართ მათ ბაზებთან და ნებისმიერ ტრანზაქციაზე ინფორმაციას ონლაინ რეჟიმში ვიღებთ”, – აცხადებს ლევან დგებუაძე.