ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ 24-25 ნოემბრის საპროტესტო დემონსტრაციები მნიშვნელოვანი იქნება, თუმცა „ყველაფერი ამით არ მთავრდება“.
„25 ნოემბერი [როცა პარლამენტი პირველად შეკრებას გეგმავს] მძიმე დღე უნდა იყოს “ქართული ოცნებისთვის”. საქართველოსთვის კი უნდა იყოს გამარჯვების მნიშვნელოვანი დღე“, – თქვა გვარამიამ შაბათს საღამოს, 23 ნოემბერს, გმირთა მოედანზე.
„24-25 ნოემბერი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამით ყველაფერი არ მთავრდება. ამას უნდა ვაცნობიერებდეთ. ბევრი იქნება საბრძოლი“, – განაცხადა გვარამიამ ტვ პირველის ეთერში.
„მოსახლეობას მინდა მივმართო, ვინც ოპოზიციას მისცა ხმა, ვინც იცის, არჩევნები გაყალბდა: ნუ ველოდებით მაინცდამაინც დარბევას, დაჭერას. ვიშვიშის დრო არ არის. უნდა ვიბრძოლოთ და გამოვტაცოთ ხელისუფლება მათ, ვინც უზურპაცია მოახდინა ხელისუფლების – ბიძინა ივანიშვილს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ოპოზიციური პარტიები კვირას, 24 ნოემბერს, საღამოს 9 საათზე აანონსებენ მორიგ საპროტესტო დემონსტრაციას და ღამისთევას.
გიორგი ვაშაძის თქმით, აქციას რეგიონებიდანაც შეუერთდებიან მხარდამჭერები.
„21:00 საათზე შეკრების შემდეგ ჩვენ ფეხით, მსვლელობით გავემართებით საქართველოს პარლამენტისკენ, სადაც ვაპირებთ, რომ დავრჩეთ ხვალინდელ ღამეს“, – განაცხადა მან.
მან კვირა საღამოს მანქანებით მსვლელობაც დააანონსა:
„მანქანებით მსვლელობა იქნება თავისუფლების მოედნიდან და რესპუბლიკის მოედნიდან დაიძვრება თბილისის მასშტაბით“, – განაცხადა ვაშაძემ.