24-წლიანი ამბის დასასრული და ლეგენდარული “სუხიშვილების” გამორჩეული სახე: ნინო ჯოხაძის პორტრეტი – Marao

სუხიშვილების სოლისტმა ნინო ჯოხაძემ 24-წლიანი პროფესიული კარიერა დაასრულა. ის მთელი ამ დროის განმავლობაში ანსამბლის აქტიური მოცეკვავე იყო.
ამაღელვებელი იყო ნინოს დამშვიდობება მაყურებელთან, ამასთან ნინო სუხიშვილმაც ფილარმონიის დიდ სცენაზე მადლობა გადაუხადა ამდენწლიანი ერთგულებისთვის.
ნინო ჯოხაძე დაოჯახებულია, მას მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. ნინო ოჯახთან ერთად დიდ დროს ატარებს და კადრებს მეგობრებსაც ხშირად უზიარებს.
რეიტინგთან ინტერვიუში ნინომ ისაუბრა ცეკვის მნიშვნელობაზე, გაიხსენა, რომ 7 თვის ფეხმძიმემ კონკურსში მიიღო მონაწილეობა – “7 თვის ფეხმძიმე ვიყავი, როცა ერთ-ერთი ბანკის საახალწლო კონკურსში მივიღე მონაწილეობა. გადავიღე ვიდეო, სადაც ვცეკვავდი. სამწუხაროდ, ვერ გავიმარჯვე, მაგრამ ძალიან ბევრი ნახვა დაუგროვდა ჩემს ვიდეოს. თანაც, როცა „იუთუბზე“ ვნახულობდი, როგორ ცეკვავდნენ ორსულები, მეც მინდოდა, ასეთი რამ გამეკეთებინა და ჩემი შვილისთვის მენახვებინა, როცა გაიზრდებოდა. მივხვდი, რომ ჩემი ვაჟკაცი ძალიან ძლიერი იყო, რადგან ცეკვას არ შევუშინებივარ. ორსულობის განმავლობაში ცეკვა ძალიან მომენატრა. ჯერ დეკრეტიდან არ გავსულვარ, ფორმაში ვდგები და ანსამბლს მალე დავუბრუნდები. სისხლი მიჩქეფს, როცა ვხედავ, როგორ ცეკვავენ სხვები. როცა სცენაზე დგახარ, ყველაფერი სხვანაირად ჩანს და ვერ ხვდები, რა ძვირფასია შენი საქმე. მაყურებლის თვალით დანახული სულ სხვანაირია”.
ქორეოგრაფიული ანსამბლი “სუხიშვილები” 1945 წელს ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ხელმძღვანელობით დაარსდა. პირველი კონცერტი 1945 წლის 11 ივნისს გაიმართა. 1948 წელს ანსამბლი პირველად გასცდა საბჭოთა კავშირის საზღვრებს. 1970 წელს კი „აკადემიურის“ სტატუსი მიენიჭა. 2007 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია ილიკო სუხიშვილი-უმცროსი, დირექტორი კი ნინო სუხიშვილია. წელს “სუხიშვილები” 80 წლის გახდა.