24 სექტემბრიდან „ინოვაციების კანონში“ შესული ცვლილებები ამოქმედდება – სიახლე სტარტაპერებისთვის

სიახლე სტარტაპერებისთვის და მათთვის, ვინც ს დაფუძნებას გეგმავს – 2025 სექტემბრიდან ამოქმედდება „ინოვაციების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები, რომელიც საგადასახადო შეღავათებსა და ახალ ცნებებს უკავშირდება.
„ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონი 2016 წელს მიიღეს. მისი ძირითადი მიზანია ქვეყანაში ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობა, სტარტაპების წახალისება და ხელშეწყობა და ტექნოლოგიების სფეროს განვითარება. 2025 წელს კი კანონი მოდიფიცირდა.
კერძოდ, კანონში შესული ცვლილებები ითვალისწინებს საგადასახადო შეღავათებს ინოვაციური სტარტაპისთვის; ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიისთვის და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიისთვის. ასევე გაჩნდა ისეთი ტერმინები, როგორიცაა ტექნოლოგიური პარკი, აქსელერაცია, ინოვაციური სტარტაპი, ანგელოზ ინვესტორთა ქსელი, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანია და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანია. თითოეულ ტერმინს კანონში თავისი განმარტება აქვს.
იურიდიული ფირმა LTA-ის იურისტები დეტალურად განმარტავენ, თუ რას ნიშნავს საგადასახადო შეღავათები ინოვაციური სტარტაპისთვის:
· საგადასახადო შეღავათები ინოვაციური სტარტაპისთვის
ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მინიჭებიდან პირველი 3 წლის განმავლობაში მის მიერ გაცემული ხელფასი საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ოდენობის ფარგლებში საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება;
საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ოდენობის ფარგლები ჯერ ცნობილი არ არის.
ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მინიჭების მე-4 წლიდან მომდევნო 3 წლის განმავლობაში მის მიერ გაცემული ხელფასი საშემოსავლო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით იბეგრება, ხოლო იმავე პერიოდში ინოვაციური სტარტაპის მოგების გადასახადის განაკვეთი 5%-ია; მე-7 წლიდან მომდევნო 4 წლის განმავლობაში მის მიერ გაცემული ხელფასი საშემოსავლო გადასახადის 10%-იანი განაკვეთით იბეგრება, ხოლო იმავე პერიოდში ინოვაციური სტარტაპის მოგების გადასახადის განაკვეთი 10%-ია.
ასევე, კანონი აწესებს შეზღუდვას, რომ სუბიექტს ინოვაციური სტარტაპის სტატუსთან ერთად საერთაშორისო კომპანიის სტატუსი ან ვირტუალური ზონის პირის სტატუსი ვერ ექნება. თუ ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიენიჭა საერთაშორისო კომპანიის სტატუსის ან ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მქონე სუბიექტს, მხოლოდ ინოვაციური სტარტაპის სტატუსი დარჩება ძალაში.
· საგადასახადო შეღავათები ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიისთვის
თუ კომპანია წინა წლის წმინდა მოგებიდან დივიდენდს გაანაწილებს, მას შეუძლია შეამციროს გადასახდელი მოგების გადასახადი იმ თანხის სამმაგი ოდენობით, რაც კვლევასა და განვითარებაზე დახარჯა წინა ფინანსურ წელს.
ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტი უფლებამოსილია მოგების რეინვესტირების შემთხვევაში ისარგებლოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ხელშემწყობი მექანიზმებით.
· საგადასახადო შეღავათები კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიისთვის
კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის მიერ შესაბამისი სტატუსის მოქმედების პერიოდში გაცემული ხელფასი საშემოსავლო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით დაიბეგრება, მოგების გადასახადის განაკვეთიც 5% იქნება.
აღსანიშნავია, რომ სუბიექტი “ინოვაციების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სტატუსის მქონედ ითვლება სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
ინოვაციური სტარტაპის, ინოვაციური მცირე და საშუალო ბიზნესისა და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭების წესთან და ტერმინების განმარტებასთან დაკავშირებით დეტალებისთვის ეწვიეთ იურიდიული ფირმა LTA-ის ვებგვერდს. ამასთან, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით იურიდიული კონსულტაციისა და სხვა მომსახურებისთვის დაუკავშირდით ფირმას ნომერზე: +995-568-88-77-87 ან მისწერეთ ელექტრონული ფოსტაზე: [email protected]

ასევე დაგაინტერესებთ