24 საათში კამალა ჰარისის კამპანიამ $81 მლნ-ის შემოწირულობა მიიღო – ნანა საჯაია

24 საათში ჰარისის კამპანიამ 81 მილიონი დოლარის შემოწირულობა მიიღო. როგორც ჰარისის თანაშემწეებმა პრესას უთხრეს, გუშინ, ჰარისმა ტელეფონზე 10 საათი გაატარა და პარტიის 100-მდე წარმომადგენელს და მხარდამჭერ ორგანიზაციას ესაუბრა, – ამის შესახებ Fpox News-ის ქართველი ჟურნალისტი ნანა საჯაია წერს.
მისი თქმით, ჰარისისთვის ეს პირველი საარჩევნო კამპანია არ არის. არჩევნების გზით ის 2004 წელს ჯერ სან-ფრანცისკოს პროკურორი გახდა, 2011 წელს კი კალიფორნიის გენერალური პროკურორი. 2016 წელს მან კალიფორნიაში სენატის არჩევნებში გაიმარჯვა და ამერიკის ისტორიაში მეორე შავკანიანი სენატორი ქალი გახდა. 2020 წლის აგვისტოში კი ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად აირჩია.
ჟურნალისტი წერს, რომ ჰარისს სერიოზული მეტოქე არ ჰყავს და „ახლა პარტიის საფიქრალი ის უფროა, როგორ აირჩიონ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, თან ისე რომ ეს იყოს დემოკრატიული პროცესი და არა ერთგვარი „კანდიდატად დანიშვნა.“
„რადგან არჩევნებამდე მხოლოდ 105 დღე დარჩა და სრული შესარჩევი ციკლის გავლა, ფიზიკურად, შეუძლებელია, განიხილება მინი პრაიმერის ჩატარება, სადაც შტატების დონეზე არჩეული დელეგატები აირჩევენ კანდიდატს. უფრო მეტი ამ პროცესზე და მის წესებზე უნდა ვიცოდეთ ოთხშაბათს, როცა დემოკრატიული პარტიის კომიტეტი შეიკრიბება და სამოქმედო გეგმაზე საჯაროდ იმსჯელებს.
ჰარისს სერიოზული მეტოქე არ ჰყავს. პროცესის დემოკრატიულობისთვის და ღიაობისთვის რომელიმე დემოკრატმა პარტიის შიდა არჩევნებში კანდიდატურა რომც დააყენოს, ჰარისს დიდი უპირატესობა აქვს. მას უკვე საჯარო მხარდაჭერა გამოუცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა და ყველა იმ დემოკრატმა, ვინც ბაიდენის შემცვლელად სახელდებოდა. ამას ემატება მისი ცნობადობა, ლეგიტიმაცია, საარჩევნო გამოცდილება და დონორების მხარდაჭერა.
ახლა პარტიის საფიქრალი ის უფროა, როგორ აირჩიონ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, თან ისე რომ ეს იყოს დემოკრატიული პროცესი და არა ერთგვარი „კანდიდატად დანიშვნა”.
პარტიის რჩეული კანდიდატები ფორმალურ ნომინაციას ჩიკაგოში, პარტიის ყრილობაზე მიიღებენ. ქარიანი ქალაქი 4000-მდე დელეგატს 19-22 აგვისტოს უმასპინძლებს.
სიტუაციის არაორდინალურობის და დროის უქონლობის გამო განიხილება კიდევ ერთი ვარიანტი – წლევანდელი ყრილობა პირვანდელ ფორმას დაუბრუნდეს და მთელი ქვეყნიდან ჩამოსულმა დელეგატებმა პარტიის კანდიდატი უშუალოდ ყრილობაზე აირჩიონ.
თავის წიგნში ჰარისი წერს, როცა შუშის ჭერს ამსხვრევ, ჭრილობასაც იღებ და გტკივა კიდეცო. მომდევნო 105 დღე ჰარისი კიდევ ერთი, ამჯერად ყველაზე მაღალი შუშის ჭერის დამსხვრევას შეეცდება. ვნახოთ, ჩაიცვამს თუ არა ჰარისი თეთრ ორეულს არჩევნების ღამეს და გაიმეორებს თუ არა 2020 წლის 7 ნოემბერს წარმოთქმულ სიტყვებს – „მე ვიქნები პირველი ქალი ამ თანამდებობაზე, მაგრამ არ ვიქნები უკანასკნელი“, – წერს ნანა საჯაია.

ასევე დაგაინტერესებთ