24 მარტს მეწარმეთა ყოველწლიური სიმპოზიუმი გაიმართება

კვირას, სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ მეწარმეთა ყოველწლიური სიმპოზიუმი გაიმართება. ღონისძიება „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციის“ და „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ ორგანიზებით ჩატარდება. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება მეწარმე ქალების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. სიმპოზიუმს გახსნის „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, თეა ადუაშვილი.
„საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია ყოველწლიურად ახორციელებს 100 მეწარმე ქალის მხარდაჭერის პროექტს. წელს „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის – GLIP პარტიორობის ფარგლებში“ ორგანიზებით ტარდება ქალ მეწარმეთა სიმპოზიუმი. ღონისძიება შედგება ორი ნაწილისგან. პირველი ქალი მეწარმეებისთვის საინტერესო და აქტუალური საკითხების განხილვას დაეთმობა, წარმოდგენილი იქნება ისეთი საინტერესო თემები, როგორიცაა, მაგალითად, შრომითი უფლებების დაცვის მნიშვნელობა და პრაქტიკული რჩევები, საგადასახადო კანონმდებლობაში შესული მნიშვნელოვანი ცვლილებები და სიახლეები. ასევე წარმოდგენილი იქნება თემა: „მე ვირჩევ წარმატებას“, რაც, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და მასტიმულირებელი იქნება დამსწრე საზოგადოებისთვის. მეორე ნაწილში კი მეწარმეებს აუდიტორული, ბუღალტრული და იურიდიული მიმართულებებით პროფესიონალური საკონსულტაციო მომსახურების სრულიად უსასყიდლოდ მიღების საშუალება ექნებათ.
ღონისძიების მიზანს, სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდების გარდა, ქალ მეწარმეთა გაძლიერება და სტიმულირება წარმოადგენს. ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო და საჭირო ღონისძიება გველის წინ,“ – აცხადებს თეა ადუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ