24 მარტს თბილისში მეწარმე ქალთა სიმპოზიუმი გაიმართება

24 მარტს საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით სასტუმრო „ბილტმორში“ მეწარმე ქალთა სიმპოზიუმი გაიმართება.
ღონისძიება მიზანი ქალი მეწარმეების მხარდაჭერა და გაძლიერებაა.
„მარტი მიჩნეულია ქალების თვედ. სწორედ ამიტომ ყოველი წლის მარტში, ვახორციელებთ პროექტს 100 მეწარმე ქალის მხარდასაჭერად. წელს ჩვენი პარტნიორი გახდა „გლიპი“, რაც ძალიან გვახარებს და ეს იქნება ქალების მიერ ქალი მეწარმეებისთვის მხარდაჭერის გამოცხადება.
ვიცით, რომ ქალი მეწარმეები და სტარტაპები, განსაკუთრებით რეგიონებში, საჭიროებენ დახმარებას თუნდაც ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით და რა თქმა უნდა, ფინანსებზე წვდომის თვალსაზრისითაც. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ წელს კონკრეტულად ქალებისთვის განგვეხორციელებინა ეს პროექტი.
ჩვენ სტარტაპებისა და მცირე მეწარმეებისთვის უკვე 3 პროექტი განვახორციელეთ. წელს კი ამ ღონისძიებას კონკრეტულად ქალების მხარდაჭერის მიზანი ექნება “, – აღნიშნავს საქართველოს აუდიტორული კომპანია GAC-ის მმართველი პარტნიორი და შპს BCC-ის საკონსულტაციო საბუღალტრო კომპანიის დამფუძნებელი თეა ადუაშვილი.
სიმპოზიუმზე ქალი სპიკერები შრომით ხელშეკრულებაზე, საგადასახადო სიახლეებსა და წარმატებაზე ისაუბრებენ.
ამავდროულად, ღონისძიებაზე ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციის წევრები ქალ მეწარმეებს სრულიად უფასოდ გაუწევენ კონსულტაციას მათთვის საინტერესო სამართლებრივ და საგადასახადო საკითხებზე.
ადგილზე ასევე გაიმართება ქალი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
სიმპოზიუმის შესახებ დამატებითი ინფორმაციის ხილვა და ღონისძიებაზე რეგისტრაცია ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციის ფეისბუკ გვერდზე არის შესაძლებელი.