რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ფართომასშტაბიანი ომის მესამე წლისთავზე კიევს ესტუმრებიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა. როგორც რადიო ტავისუფლების უკრაინული სამსახური წერს, ამის შესახებ ოფიციალური ცნობა სოციალურ ქსელ X ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა გაავრცელა.
“ორშაბათს, 24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მესამე წელი სრულდება. ამ დღესთან დაკავშირებით, გადავწყვიტე, რომ კიევში ვიყო ურზულა ფონ დერ ლაიენთან ერთად, რათა დავადასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა გმირული უკრაინელი ხალხისა და დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ”, – ნათქვამია ანტონიუ კოშტას განცხადებაში.
ამ განცხადების ფონია მწვავე კრიტიკა, რაც აშშ-ის პრეზიდენ დონალდ ტრამპისგან დაატყდა თავის უკრაინის პრეზიდენტს.
ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს უწოდა „დიქტატორი არჩევნების გარეშე“. 19 თებერვალს საკუთარ სოცქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ “ზელენსკიმ ჯობია იმოქმედოს სწრაფად, თორემ მალე ქვეყანაც აღარ ექნება”.
წინა დღით გამართულ ბრიფოინგზე დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის მოსახლეობის მხოლოდ 4% უჭერს მხარს, რაც ეწინააღმდეგება სოციალური გამოკითხვების შედეგებს.
კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ 19 თებერვალს გამოქვეყნებულმა ცალკეულმა კვლევამ აჩვენა, რომ ზელენსკის ნდობის რეიტინგი 59 პროცენტამდე გაიზარდა, დეკემბრის 52 პროცენტთან შედარებით. თავის მხრივ ზელენსკიმ დონალდ ტრამპი ომის მიზეზებსა და პირობებთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციების ზუსტად გამეორებაში დაადანაშაულა.
„როცა ოთხ პროცენტზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვნახეთ ეს დეზინფორმაცია, ჩვენ გვესმის, რომ ეს რუსეთიდან მოდის“, – განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს. „სამწუხაროდ, პრეზიდენტი ტრამპი, მთელი პატივისცემით მის, როგორც ერის ლიდერის მიმართ, რომელსაც ჩვენ დიდ პატივს ვცემთ, ცხოვრობს ამ დეზინფორმაციის სივრცეში”.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ოთხშაბათს გამოცემა National Pulse-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მწვავედ გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კრიტიკისთვის.
ვენსმა ზელენსკის მიდგომას უწოდა „სამარცხვინო“ და კონტრპროდუქტიული და თქვა, რომ ასეთმა ტაქტიკამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას უკრაინის მიმართ მისი მთავარი მოკავშირის დამოკიდებულებას.