„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ წერს, რომ 2021 წლის დეკემბრიდან დღემდე ახალციხის საკრებულოს დეპუტატებმა, მათი ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა, მხოლოდ ახალციხის მერიიდან და მისი იურიდიული პირებიდან, ჯამში, 24 811 129 ლარის შესყიდვები მიიღეს.
„გამჭვირვალობა – საქართველო“ აფასებს ახალციხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის მოწვევის საკრებულოს საქმიანობას. ანგარიში ეფუძნება საკრებულოდან გამოთხოვილ ინფორმაციას, საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე არსებულ ინფორმაციას და ორგანიზაციის დაკვირვებებს. კვლევის საანგარიშო პერიოდია 2021 წლის დეკემბრიდან 2025 წლის 10 ივნისის ჩათვლით.
„გამჭვირვალობის“ შეფასებები ძირითადი მიგნებებია:
2021 წლის დეკემბრიდან დღემდე ახალციხის საკრებულოს დეპუტატებმა, მათი ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა, მხოლოდ ახალციხის მერიიდან და მისი იურიდიული პირებიდან, ჯამში, 24 811 129 ლარის შესყიდვები მიიღეს;
ახალციხის საკრებულოს 22 თანამდებობის პირიდან 17 „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია. როგორც მათი ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგიდან ირკვევა, 6-ის ოჯახის წევრები სხვადასხვა ფორმით იყვნენ ჩართულნი 2024 წლის საარჩევნო პროცესში;
საკრებულოს 39 დეპუტატიდან 6 ოპოზიციონერ დეპუტატს ყოველწლიური ანგარიშები არ წარუდგენია. 4-11 დეპუტატი წერს, რომ მათი ჩართულობით, 3 წლის განმავლობაში, ჯამში, 116 პრობლემა მოგვარდა, თუმცა მათი ნაწილი მეორდება, ნაწილი კი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე მოდის.
საკრებულოში მოქმედი სამი ფრაქციიდან ინიციატივა არცერთს არ წარუდგენია. ფრაქციების საქმიანობაზე, მხოლოდ 2 წელში, ბიუჯეტიდან 678 048 ლარი გაიწერა. 2024-2025 წლის ხარჯების შესახებ საკრებულომ ინფორმაცია „გამჭვირვალობას“ არ მიაწოდა.
2021 წლის დეკემბრიდან 2023 წლის ჩათვლით საკრებულოს ხარჯმა 2 276 392 ლარია. ამ თანხის 89% ხელფასებში, დანამატებსა და ჯილდოებში გაიწერა. 2024-2025 წლების ხარჯებზე საკრებულომ ინფორმაცია ორგანიზაციას არ მიაწოდა.
2021 წლის დეკემბრიდან 2023 წლის ჩათვლით საკრებულომ 66 835 ლიტრი საწვავი გახარჯა, რაშიც 198 889 ლარი დაიხარჯა. გახარჯული საწვავიდან 20 ტონაზე მეტი საკრებულოს თავმჯდომარემ და მისმა სამმა მოადგილემ გახარჯა. 2024-2025 წლების ხარჯებზე საკრებულომ „გამჭვირვალობას“ ინფორმაცია არ მიაწოდა.
„გამჭვირვალობა“ წერს, რომ საანგარიშო პერიოდში, საკრებულოს რაიმე სახის გადაცდომა მერის საქმიანობაში, ან ინტერესთა კონფლიქტი სახელმწიფო შესყიდვების პროცესში არ გამოუვლენია.
ამავე დროს, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საპირისპიროს აჩვენებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევები და აუდიტის სამსახურის დასკვნები.
კერძოდ, „გამჭვირვალობა“ წერს:
„2021 წლის დეკემბრიდან დღემდე ახალციხის საკრებულოს დეპუტატებმა, მათი ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა, მხოლოდ ახალციხის მერიიდან და მისი იურიდიული პირებიდან, ჯამში, 24 811 129 ლარი მიიღეს;
ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარის და სატენდერო კომისიის წევრის, ნოდარ ტალახაძის შვილის, ტარიელ ტალახაძის კომპანიამ 13 023 982 ლარი მიიღო;
ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარის და მიღება-ჩაბარების კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, ზოია ბალიაშვილის რძლის [1] კომპანიამ – 10 455 585 ლარი მიიღო, ასევე, მისმა შვილმა კობა ბალიაშვილმა – 62 983 ლარი;დეპუტატ ზაზა მელიქიძის კომპანიამ – 194 876 ლარი მიიღო. მისი ცოლის ძმის, ხვიჩა ალავიძის კომპანიამ – 193 966 ლარი. ზაზა მელიქიძის ბიძაშვილის შვილმა, ლაშა თედორაძემ წელიწად-ნახევარში, 2023 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის ივლისის ჩათვლით – 408 724 ლარი. აქედან 345 987 ლარი (84.65%) პირდაპირი შესყიდვებითა და უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებით დაერიცხა. ლაშა თედორაძე, ასევე, ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის მოადგილის, ნანა ბერიძის სიძეა. ნანა ბერიძის და, ეკა ბერიძე კი ახალციხის საკრებულოში, პრესსამსახურის წარმომადგენელია;
დეპუტატ გელა ჭალიძის კომპანიებმა 300 973 ლარი მიიღო;
სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, 2022 წელს, „სამშენებლო სამუშაოების 3 გამარტივებული წესით შესყიდვისას, მუნიციპალიტეტმა არ დაიცვა კანონმდებლობა და 135.1 ათასი ლარი მიმწოდებლებს აუნაზღაურა ფაქტობრივი დანახარჯების დათვლისა და დადასტურების გარეშე. რაც ქმნის საბიუჯეტო სახსრების ზედმეტად ანაზღაურების რისკს“. აღნიშნული 3 შესყიდვიდან, ერთი, ახალციხის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა თავის მეგობარს და პირადი მძღოლის ძმას, გიორგი კაპანაძეს 44 095 ლარზე გაუფორმა. კაპანაძემ კიდევ ერთი პირდაპირი შესყიდვა ახალციხის მერიიდან 20 631 ლარზე მიიღო“.
ამავე დროს, „გამჭვირვალობა“ მიუთითებს, რომ მოქალაქეთა ჩართულობა საკრებულოს საქმიანობაში დაბალია – „საანგარიშო პერიოდში გამართული 50 სხდომიდან, კანონის მოთხოვნათა დაცვით, ერთი კვირით ადრე, არცერთი სხდომა არ დაანონსებულა. მათ შორის 28 სხდომის ანონსი, წინა დღით გამოქვეყნდა“.
ასევე, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2021 წლის მოწვევის საკრებულოში ორი პეტიცია დარეგისტრირდა და ორივეს ავტორი იყო „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“;
პირველი პეტიცია, 2022 წლის 13 აპრილს, 360 ადგილობრივის ხელმოწერით, „ქალაქ ახალციხეში, იაძის ქ. 12-ში მდებარე N4 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დემონტაჟისა და ახლის აშენების“ მოთხოვნით, დაკმაყოფილდა და ახალი ბაღი უკვე აშენდა, ხოლო მეორე პეტიცია, 2023 წლის 7 დეკემბერს, 400 ადგილობრივის ხელმოწერით, „ქალაქ ახალციხეში შშმ პირთა საჭიროებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ფართის (უზუფრუქტის ფორმით) გამოყოფის შესახებ“, ახალციხის საკრებულომ არ დაარეგისტრირა.
„გამჭვირვალობა“ წერს, რომ საკრებულოს ინფორმაციით, 2022-2024 წლებში ახალციხის საკრებულოს წევრებმა ჯამში 675 შეხვედრა გამართეს მოქალაქეებთან, თუმცა, საკრებულომ აღნიშნული შეხვედრების ოქმები ვერ წარმოადგინა.
„გამჭვირვალობის“ სრული შეფასება შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.




