$235.7 მილიონიანი ინვესტიციით თბილისში შესაძლოა 6 საბაგირო მარშრუტი აშენდეს – რას გულისხმობს Ramboll-ის რეკომენდაცია

$235.7 მილიონიანი ინვესტიციით თბილისში შესაძლოა 6 საბაგირო მარშრუტი აშენდეს – რას გულისხმობს Ramboll-ის რეკომენდაცია
მერიამ 235.7 მილიონიანი ინვესტიციით თბილისში შესაძლოა 6 საბაგირო მარშრუტი ააშენოს – ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო განვითარების გეგმიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტი ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსთვის მოამზადა დანიურმა საკონსულტაციო კომპანია „რამბოლმა“, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით.
რეკომენდაციის მიხედვით, თითო მარშრუტის სავარაუდო ღირებულება 40 მილიონი ევროა.
„ურბანულ საბაგიროს თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის როლი შეუძლია შეასრულოს ქალაქის ზომისა და ტოპოგრაფიის გათვალისწინებით. თბილისის გეოგრაფია უნიკალურია იმით, რომ ქალაქი ხეობაში მდებარეობს, სადაც მთავარი ბიზნეს და კომერციული უბნები და ძველი ქალაქი ხეობის ფსკერზე მდინარის მიმდებარედ არის განთავსებული, ხოლო ბევრი საცხოვრებელი უბანი უფრო შემაღლებულ ადგილზე. ეს ურბანული საბაგირო გზების, როგორც საცხოვრებელი უბნებიდან ბიზნეს უბნებში ადამიანების გადაყვანის საშუალების განვითარებისა და გამოყენების შესაძლებლობას ქმნის.
ქალაქს 1950-იანი წლებიდან აქვს საბაგირო გზების სისტემები, თუმცა ხაზების უმეტესობა აშენდა ტურისტული მიმართულებების ქალაქის ცენტრთან დასაკავშირებლად. თუმცა, სტრატეგიულად მიზანშეწონილია, რომ შემუშავდეს თანამედროვე, ეფექტური საბაგირო გზების სისტემები, როგორც ურბანული სამგზავრო ტრანსპორტი:
• ქალაქის უნიკალური ტოპოგრაფიიდან გამომდინარე, სადაც უამრავი მოსახლე ქალაქის ცენტრის ზემოთ მთაგორიან ადგილებზე ცხოვრობს, პირდაპირი საბაგირო გზა ყოველთვის უფრო სწრაფი იქნება, ვიდრე ავტობუსები, რომლებსაც უწევთ გრძელი და მიხვეულ- მოხვეული გზების გამოყენება;
• საშუალოდ, ურბანული საბაგიროებს საათში დაახლოებით 2500-3000 მგზავრის გადაყვანა შეუძლიათ ერთი მიმართულებით (pphpd), რაც იდეალურია თბილისში შემოთავაზებული კონკრეტული დერეფნებისთვის;
• საბაგირო საზოგადოებრივი ტრანსპორტის სუფთა, მწვანე და ემისიების გარეშე ფორმაა, რომელიც თბილისის თანამედროვე, მწვანე და მდგრადი ევროპული ქალაქის ხედვას შეესაბამება;
• საბაგირო სისტემების აშენება უფრო იაფია, ვიდრე მეტრო ან ტრამვაი, განსაკუთრებით ისეთ რელიეფზე, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის სხვა საშუალებების განვითარება მნიშვნელოვან ტექნიკურ გამოწვევებთანაა დაკავშირებული.
ურბანული საბაგირო ყველაზე მეტი ზემოქმედების მქონე იქნება შემდეგ ექვს დერეფანზე (დალაგებულია პრიორიტეტის მიხედვით):
• მარშრუტი 1: ისანი – ვაზისუბანი
• მარშრუტი 2: სარაჯიშვილი – ზღვისუბანი
• მარშრუტი 3: ვაჟა-ფშაველა – ნუცუბიძის პლატო
• მარშრუტი 4: დიდი დიღომი – დელისი
• მარშრუტი 5: სადგურის მოედანი – ვარკეთილი
• მარშრუტი 6: სამგორის საბაგიროს რეაბილიტაცია
AFD-მ დეტალური ტექნიკური ანალიზი და წინასწარი მიზანშეწონილობის კვლევა ჩაატარა მარშრუტებზე 1 და 2. ასევე ჩატარდა დეტალური განხილვები TUDA-სა და ფინანსთა სამინისტროსთან უახლოეს მომავალში ამ ორი ხაზის დაფინანსების შესაძლებლობის შესახებ. ყველა შემოთავაზებულ მარშრუტზე არსებითია, რომ შემოთავაზებული სადგურებისთვის მიწა და მარშრუტის ხაზები დაცული იყოს ნებისმიერი მომავალი კომერციული ან საცხოვრებელი განაშენიანებისგან“, – ნათქვამია დოკუმენტში.