დღეს, 25 ოქტომბრის დილის საათებში დაკავებული 21 წლის სტუდენტი, ანა ლომიძე დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მას სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მას 23 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.
ის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე საათში გადმოიყვანეს. ლომიძის მეგობრებმა სხდომის დაწყებამდე მისვლა ვერ მოასწრეს, ამიტომ დარბაზში მხოლოდ მაშინ შევიდნენ, როცა მოსამართლე ცეკვავა სათათბიროდ იყო გასული.
“მადლობა, რომ მოხვედით და ბოდიში რომ შეგაწუხეთ”, – უთხრა მათ ანა ლომიძემ.
ანა ლომიძე საბურთალოზე, “სითი მოლთან” დააკავეს. ლომიძე იქ კაბის საყიდლად იყო. დღეს მისი ბავშვობის მეგობრის ქორწილია. კაბა იყიდა, თუმცა ეგონა რომ ქორწილში წასვლას ვეღარ მოახერხებდა, ამიტომ იზოლატორში გასატარებელ დღეებზე ფიქრობდა.
“ნეტავ იქ ტელევიზორი იქნება?” – იკითხა სანამ მოსამართლე სათათბიროდ იყო გასული.
“იქნება, მაგრამ ალბათ, მხოლოდ “იმედს” აჩვენებენ”, – უპასუხა ერთ-ერთმა მეგობარმა.
“რა შემოგიგზავნოთ?” – ჰკითხა მეორემ – “რამე წიგნს კითხვა თუ გაქვს დაწყებული, გვითხარი და იმას მოგიტანთ”.
“ხაჭაპური გირჩევნია თუ ლობიანი?”
“მამამ იცის?”
“არ ინერვიულო”
“მესტიაში რომ წაგიყვანონ? სხვა იზოლატორებში ადგილები აღარააო”
“არა უშავს, მიყვარს მთები”.
მსგავსი ფრაზები ისმოდა სასამართლო დარბაზში იქამდე, სანამ მოსამართლე სათათბიროდ იყო გასული. რამდენიმე წუთის შემდეგ ზვიად ცეკვავა დარბაზში დაბრუნდა და ანა ლომიძე ადმინისტრაციული სახდელისგან გაათავისუფლა.
ანა ლომიძის გარდა დღეს დაკავებული მოქალაქეები არიან ნიკა პატარაია და გიორგი სიხარულიძე.
ნიკა პატარაიას საქმეს ამ წუთებში [17:40] განიხილავს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანი.



