21 წლის გიორგი გორგაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე – “შემეძლო, წავსულიყავი აქედან და ალბათ, მოვასწრებდი კიდეც, მაგრამ ვარჩიე, რომ ასე ჯობდა”

ფოტო – რადიო თავისუფლება
ნეტგაზეთი აქვეყნებს 21 წლის გიორგი გორგაძის საბოლოო სიტყვას სასამართლოში.
რაც მომაფიქრდება, იმას ვიტყვი. გარწმუნებთ, არაფერია სანერვიულო, ეს 4 წელიც, 6 წელიც, თუ რაც იქნება, ყველაფერი გაივლის, ყველაფერი კარგად იქნება და ეს ქვეყანაც თავისუფალი და დამოუკიდებელი იქნება. ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრებთ მეც, თქვენი შვილებიც, ალბათ ჩემი შვილებიც, ჩემი ოჯახიც, როგორიც გვინდა რომ იყოს – დამოუკიდებელი და თავისუფალი. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი ოჯახის წევრებს – მამაჩემს, დედაჩემს, ჩემს დას. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობრებს, მთელი ამ ხნის განმავლობაში, რომ გვერდით მედგნენ, ნათესავებს… გადავალ საქმეზე: თავიდანვე, ჩემთვის გაუგებარი ბრალდება იყო. ეს ბიჭები სასამართლოს ე.წ. ფუქსებში გავიცანი. არც ვიცოდი თავიდან, როცა შემოვედი მათთან ერთად, რომ საერთო საქმეს გვედავებოდნენ. სასაცილო აღმოჩნდა ცოტა იმიტომ, რომ გამიკვირდა, არ ვიცნობ ადამიანებს და ამათთან ერთად რა საერთო საქმეს მედავებიან-მეთქი. თავიდანვე ისე მივუდექი საქმეს, რომ საბოლოოდ, მაინც ალბათ გამამართლებელი განაჩენი დადგება, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში სამართალი დიდი ხანია დაკარგულია. კიდევ რაც მინდოდა მეთქვა: ჩემი დაკავება მოხდა, ფაქტობრივად, ჩემი ნებით. შემეძლო, წავსულიყავი აქედან და ალბათ, მოვასწრებდი კიდეც, მაგრამ ვარჩიე, რომ ასე ჯობდა. არ ვიყავი სახლში, პოლიციიდან დამირეკეს და მითხრეს, ასე და ასეა საქმე და უნდა მოხვიდე სახლშიო. გადავწყვიტე, რომ მივსულიყავი სახლში, სად უნდა წავსულიყავი?.. საკმაოდ მხნედ შევხვდი ამ ყველაფერს. არცერთი წამით არ შემშინებია არაფრის. არც ციხის კედლები შემაშინებს და არაფერი ცხოვრებაში, როცა ჩემს ქვეყანას ეხება ეს ყველაფერი. ტელევიზიაში ხშირად მესმის, „რადიკალები“ და მსგავსი ფრაზები. ბევრი ადამიანი შემიძლია მოვიყვანო და ჩემი პიროვნება დაახასიათოს. ქალბატონო თამარ [მიმართავს მოსამართლეს], თქვენც გექნებათ ჩემი დახასიათება. არ ვიცი, როგორ მუშაობს ეს სტრუქტურა, არ ვყოფილვარ ჩახედული. მაგრამ დარწმუნებული ვარ, იქნება სასამართლოში რაღაც ეგეთი, რომ ბრალდებულს ყოველთვის ახასიათებენ, როგორი ქცევა აქვს და ამ ყველაფერს ითვალისწინებენ. თქვენც დარწმუნებული იქნებით, რომ არ ვარ მე ეგეთი ადამიანი — მოძალადე, რადიკალი, პარლამენტი დამეწვა, ქვა მესროლა, ან მსგავსი რამ. არ ჯდება ჩემს ადამიანობაში, შეიძლება ჭიანჭველას არ დავაბიჯო და პირიქით, გავიწიო. სასაცილოა ეს ბრალდება და ყველაფერი, რასაც თქვენც ისმენდით. როგორც იცით, დაკავების წუთიდან მე დუმილის უფლებას ვიყენებ, ხმა არ ამომიღია და ახლა პირველად ვამბობ სიტყვას. უდანაშაულოდ ვცნობ თავს და იმედია, თქვენ, ქალბატონო თამარ, პიროვნულად, მიიღებთ სამართლიან გადაწყვეტილებას. ამ ქვეყანაში სამართალი იზეიმებს და ეს საქმე, დარწმუნებული ვარ, ისტორიას დარჩება, როგორც პრეცედენტი, რომ დიდი ზეწოლის მიუხედავად, სამართლიანი განაჩენი როგორ გამოიტანა ქალბატონმა თამარ მჭედლიშვილმა. საბოლოოდ, მინდა ვთქვა… მამაჩემს მინდა მადლობა გადავუხადო, რომ ბავშვობიდანვე შემაყვარა ფეხბურთი, ტრიბუნა. ჩვენს ფეხბურთელებს მინდა, წარმატება ვუსურვო მსოფლიოს შესარჩევ ჯგუფში. იმედია, მსოფლიოზეც გახვალთ, როგორც ევროპაზე 2024-ში, როცა თქვენთან ერთად ვიყავი. სამართლიანი განაჩენის მიხედვით, 2026-ში ამერიკაში შევხვდებით ერთად და ვიზეიმებთ თქვენს გამარჯვებას. საბოლოოდ, ვთვლი, რომ ზღაპრის ბოლო კეთილია. არცერთი ზღაპარი არ მთავრდება ცუდად. ჩვენ ზღაპარში ვცხოვრობთ და სულ ვიცხოვრებთ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო გოცირიძე: არასამთავრობოების დაყადაღება ისეთი გამოკვეთილი ნაბიჯია საბჭოეთისკენ, აი, “უფასო” დიპლომი და ექიმი რომ ქრთამი ღირდა, საკვები რომ ტალონებზე იყო, მაგრამ პარტიული ბოსები ხიზილალას ჭამდნენ