21 აპრილის მონაცემებით, 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ევროკავშირის ქვეყნებში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 9.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა
2025 წლის 21 აპრილის მონაცემებით, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 19%-ით, 9.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 56.9 მლნ აშშ დოლარს მიაღწია – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„ზრდა ძირითადად თხილის, ხილისა და ბოსტნეულის წვენების, ასევე ღვინის ექსპორტმა განაპირობა.
თხილის ექსპორტის ღირებულება 5.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 19.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხილისა და ბოსტნეულის წვენების 4.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 5.7 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, ღვინის ექსპორტი 2.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 11.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ გერმანიაში ექსპორტი 43%-ით, 4.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ძირითადად ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტით არის გამოწვეული, რომლის ღირებულებაც 4.3 მლნ აშშ დოლარითაა გაზრდილი და 5.3 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
იტალიაში ექსპორტმა 3.2-ჯერ მოიმატა, რაც ძირითადად თხილის ექსპორტის ზრდას უკავშირდება. თხილის ექსპორტის ღირებულება 4.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 5.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
აღნიშნულ პერიოდში, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ღირებულების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა აზერბაიჯანის ბაზარზე. ექსპორტი 10%-ით, 4.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. ზრდა ძირითადად უალკოჰოლო გაზიანი სასმელებისა და კარტოფილის ექსპორტმა განაპირობა, რომლის ღირებულებამ შესაბამისად, 9.0 და 3.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
გარდა ამისა, ღვინის ექსპორტის ზრდა დაფიქსირდა ჩინეთში. ექსპორტის ღირებულება 1.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 3.2 მლნ აშშ დოლარს მიაღწია“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
