2050 წლამდე ზღვის დონის 20 სმ-ით მატებაც კი სულ მცირე $1 ტრილიონ დოლარიან ზარალს გამოიწვევს მსოფლიოს 136 უდიდეს სანაპირო ქალაქში – კვლევა (bm.ge)
დიურჰემის უნივერსიტეტის ახალი კვლევის თანახმად, გლობალური დათბობის 1.5 გრადუსზე შენარჩუნების შემთხვევაშიც, ზღვის დონის მატება “კატასტროფულ შიდა მიგრაციას” გამოიწვევს. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ იგივე სცენარი შესრულდება, თუ ტემპერატურის ზრდა 1.2-გრადუსიან მაჩვენებელზე დარჩება.
საქმე ისაა, რომ 1990-იანი წლებიდან დღემდე გრენლანდიისა და ანტარქტიკის ყინულოვანი საფარის დნობა გაოთხმაგებულია, რაც წყლის დონის მატებას იწვევს. იმ შემთხვევაშიც, თუ მსოფლიო პარიზის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებას შეასრულებს და გლობალურ დათბობას 1.5-გრადუსიან ლიმიტში მოაქცევს, საუკუნის ბოლომდე ოკეანეებში წყლის დონე ყოველწლიურად 1 სანტიმეტრით აიწევს, რაც ქვეყნებს სანაპირო დამცავი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად საკმარისს დროს არ აძლევს. ხოლო თუ გლობალური დათბობის უფრო რეალისტური, 2.5-გრადუსიანი სცენარი რეალობად იქცა, გრენლანდიისა და ანტარქტიკის ყინულოვანი საფარის კოლაფსი გარანტირებული იქნება, მათი დნობა კი წყლის დონეს 12 მეტრით აწევს.
კვლევის თანახმად დღეს 230 მილიონი ადამიანი ზღვის დონიდან 1 მეტრ სიმაღლეზე ცხოვრობს, 1 მილიარდზე მეტი კი – ზღვის დონიდან 10 მეტრის სიმაღლეზე. შესაბამისად, 2050 წლამდე ზღვის დონის 20 სმ-ით მატებაც კი დიდ წყალდიდობას და სულ მცირე $1 ტრილიონ დოლარიან ზარალს გამოიწვევს მსოფლიოს 136 უდიდეს სანაპირო ქალაქში.
ზღვის დონის მატება კლიმატის კრიზისის ერთ-ერთი უდიდესი გრძელვადიანი გავლენაა. მეცნიერები კი ადასტურებენ, რომ ყინულის დნობის ტემპი გაცილებით სწრაფად მზარდია, ვიდრე აქამდე იყო მოსალოდნელი. მიუხედავად ამისა, კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ნებისმიერი ძალისხმევა, რაც გლობალურ დათბობას შეარბილებს, სახელმწიფოებს უფრო დიდ დროს მისცემს მოსამზადებლად და სანაპიროსთან ახლოს არსებული დასახლებების დასაცავად.
bm.ge
