„2030 წლისთვის მაღალშემოსავლიანი ქვეყანა გავხდებით და კეთილდღეობის დონე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეკონომიკების შესადარი იქნება“ – მიხეილ დუნდუა

2030 წლისთვის მაღალშემოსავლიანი ქვეყანა გავხდებით და კეთილდღეობის დონე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეკონომიკების შესადარი იქნება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა.
მისივე თქმით, რაც უფრო დიდია ეკონომიკა, მით უფრო დიდია დაინტერესება ბიზნესწრეების მხრიდან იმისთვის, რომ ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელება მოხდეს.
“წელს, ეკონომიკური ზრდა 7-8%-ის დონეზე უნდა იყოს და მომავალ წელს უფრო გაიზრდება. ბუნებრივია, ჩვენ ფრთხილი მიდგომა გვაქვს და სჯობს, ფრთხილი და პოტენციური მაჩვენებელი დავისახოთ. თუ შევხედავთ პრაქტიკას მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდა, ვიდრე პროგნოზი, თუნდაც სავალუტო ფონდისა და მთავრობის.
რაც შეეხება ეკონომიკურ მაჩვენებლებს – წელს დოლარში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება და მშპ ერთ სულ მოსახლეზე 10 000 დოლარს გადააჭარბებს. ჩვენ მივდივართ იმ მიმართულებით, რომ 2030 წლისთვის მაღალშემოსავლიანი ქვეყანა გავხდეთ და ნამდვილად გავხდებით. ეს საბოლოო ჯამში გამოიწვევს იმას, რომ კეთილდღეობის დონე იქნება შესადარი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეკონომიკებისა. ყველაზე მზად ვიქნებით სტრუქტურაში ინტეგრაციისათვის”, – აცხადებს მიხეილ დუნდუა.
bp.ge