2050 წლისთვის მსოფლიოში დიაბეტით დაავადებული მილიარდ 300 მილიონი ადამიანი იქნება – ასეთია ჟურნალ „ლანცეტის“ პროგნოზი. მსოფლიოში დიაბეტის ტიპი ერთით და ტიპი ორის დიაგნოზით 529 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რაც მსოფლიოს მოსახლეობის 6%-ს აღემატება.
ჟურნალ Diabetes Care-ის მონაცემებით, შესაძლოა, 2030 წლისთვის დიაბეტის მართვა მსოფლიო ეკონომიკას 2,5 ტრილიონი დოლარი დაუჯდეს. ასეთი დრამატული მოლოდინები იმ ტენდენციის საფუძველზე ჩნდება, რომლებიც მსოფლიოში უკვე წლებია მიმდინარეობს. არაჯანსაღი კვება, ცხოვრების პასიური წესი, ახალგაზრდების სულ უფრო მეტი დამოკიდებულება გაჯეტებზე – ესაა ის ძირითადი ფაქტორები, რაც ჭარბწონიანობის პრობლემას, შედეგად კი დიაბეტის შემთხვევების ზრდას განაპირობებს.
დიაბეტი, თავის მხრივ, მხოლოდ ამ ერთ დაავადებას არ ნიშნავს და ის არაერთი გართულების წყაროა. მათ შორის მხედველობა ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია, რადგან უკავშირდება ადამიანის როგორც ფიზიოლოგიურ ფუნქციონირებას, ისე მის ემოციურ მდგომარეობასა და საზოგადოებრივ ცხოვრებას. დიაბეტის გავრცელებასთან ერთად, მხედველობის პრობლემებიც წლიდან წლამდე მწვავდება და სულ უფრო მეტ, სხვადასხვა ასაკის ადამიანს ეხება.
თვალის დაავადებებს არაერთი მიზეზი აქვს, მათ შორის ასაკობრივი ფაქტორები, თუმცა დიაბეტის მზარდი ტენდენცია ამ პრობლემებას დამატებით, საგანგაშო სტიმულს აძლევს. ერთ-ერთი დაავადება, რომელსაც დიაბეტი იწვევს, დიაბეტური რეტინოპათიაა -თვალის ბადურა გარსის დაზიანება. დაავადება შესაძლოა განვითარდეს პირველი და მეორე ტიპის დიაბეტის მქონე ნებისმიერი ასაკის პაციენტში. რაც უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში აქვს პაციენტს დიაბეტი და რაც უფრო ნაკლებად აკონტროლებს იგი სისხლში შაქრის შემცველობას, მით უფრო მეტია თვალის დაზიანების რისკი.
დროთა განმავლობაში სისხლში შაქრის მაღალმა შემცველობამ შესაძლოა გამოიწვიოს ბადურის მკვებავი მცირე ზომის სიხლძარღვების დაზიანება , რის შედეგადაც ბადურას არასაკმარისი სისხლი მიეწოდება. დაავადების პროგრესირებასთან ერთად თვალში წარმოიქმნება ახალი სისხლძარღვები, რომლებიც არასწორად ყალიბდებიან და შედეგად ვითარდება სისხლდენა (ჰემორაგია), ნაწიბურის განვითარება, ბადურის ჩამოცლა; ცხადია, ეს პროცესების მხედველობის დაქვეითებას იწვევს.
დიაბეტური რეტინოპათიის გართულებას წარმოადგენს დიაბეტური მაკულარული შეშუპება (DME), რომელიც დიაბეტიან პაციენტებში მხედველობის მკვეთრად დაქვეითების ძირითადი მიზეზია. დაავადება ნელა პროგრესირებს და პაციენტი ხშირად ვერ ამჩნევს, რომ მხედველობა ნელ-ნელა უარესდება.
შეშუპების ხანგრძლივი დროით არსებობის გამო ბადურის ქსოვილი დეგენერაციას განიცდის, შედეგად კი უარესდება მხედველობის სიმახვილე, რასაც ზოგჯერ ფუნქციური სიბრმავეც კი მოსდევს. პაციენტებს პრობლემები აქვთ ყოველდღიურ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით – ისინი ვეღარ კითხულობენ, საათზე დროს ვერ ამოწმებენ, ასევე, მაგალითად, ვერ ამზადებენ ჩაის.
რამდენად მასშტაბურია პრობლემა, ამას ციფრებიც ადასტურებს: დიაბეტის მქონე პაციენტების 60%-ს მხედველობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დაავადებები უვითარდება.
კვლევების, სტატისტიკისა და სიმპტომების ჩამონათვლის უკან კონკრეტული ადამიანები დგანან. ერთ-ერთია 59 წლის ზაზა დოლიძე, რომელსაც 20 წელია, დიაბეტის დიაგნოზი აქვს, ბოლო 3-4 წელი კი ამ დაავადებამ ის მხედველობის პრობლემებითაც „დაასაჩუქრა“.
jandacva ge