„2030 წლამდე გურჯაანის ბიზნეს სექტორის კადრების 70%-ს ჩვენი კურსდამთავრებულებით შევავსებთ“ – კოლეჯ „აისის“ დირექტორი

რადიო „კომერსანტის“გადაცემაში „პროფესიული განათლების ნავიგატორი“ თაი სიბოშვილთან ერთად თემაზეე – პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობები კახეთის რეგიონის ოთხ მუნიციპალიტეტში: კაჭრეთი, ლაგოდეხი, ახმეტა, დედოფლისწყარო – ისაუბრეს.
როგორც გადაცემის სტუმარმა კოლეჯი „აისის“ დირექტორი მალხაზ ასლამაზაშვილმა განაცხადა, პროფესიულ განათლებას ქვეყნის ეკონომიკაში უკვე მნიშვნელოვანი როლი აქვს. კოლეჯი „აისი“ კი გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან ზრუნავს მოქალაქეებისთვის პროფესიული განათლების მიწოდებაზე.
მისი თქმით, კოლეჯის პროგრამებიდან 100%-იანი დასაქმების მაჩვენებელი აქვს ვეტერინარიისა და ელექტრობის პროგრამას, ასევე ძალიან მაღალია მოთხოვნა კულინარიის ხელოვნებაზე.
„ჩვენი ყველა პროგრამა არის შრომის ბაზარს მორგებული და ორიენტირებულია დასაქმებაზე. კოლეჯს აქვს 3 ფილიალი. მთლიანობასი სწავლება ხორციელდება 4 ლოკაციაზე. მთავარი ოფისი მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში. სწავლა მიმდინარეობს ასევე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში. ყველა ფილიალი აღჭურვილია მაღალ დონეზე და ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ დაინტერესებულმა პირებმამაღალი ხარისხის განათლება მიიღონ.

ძირითადად გვაქვს 5 მიმართულება, რომელთაგან მთავარია აგრარული მიმართულება, რადგან მოთხოვნა ძალიან დიდია. ასევე გვაქვს ინჟინერიის, ბიზნეს ადმინისტრირების, ხელოვნების და ჯანდაცვის მიმართულება“, – აღნიშნა მალხაზ ასლამაზაშვილმა.
მისი თქმით, კოლეჯს აქვს როგორც დუალური, ასევე მოდულური და ინტეგრირებული პროგრამები.
„დუალური პროგრამები ძირითადად მევენახეობა-მეღვინეობას მოიცავს და კაჭრეთის ტერიტორიაზე ვახორციელებთ. პროგრამებში ჩართული არიან მეღვინეობის საშუალო და მსხვილი კომპანიები, ჯამში 21 კომპანია.
ინტეგრირებული პროგრამები გვაქვს ყველა ლოკაციაზე, ალვანის გარდა. გვაქვს 7 ინტეგრირებული პროგრამა და ბოლო წლებში გამოიკვეთა საკმაოდ დიდი მოთხოვნა ამ პროგრამებზე სკოლის მოსწავლეების მხრიდან და ვფიქრობ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი. ყველა მათგანით დიდია დაინტერესება. გვაქვს სატყეო საქმის, ხილ-ბოსტნეულის გადამუშავების, შედუღების და სხვა ინტეგრირებული პროგრამები, რომელთა სპექტრი მომავალში უფრო გაფართოვდება“, – განაცხადა მალხაზ ასლამაზაშვილმა.
მისი განმარტებით, გასულ წელს ინტეგრირებულ პროგრამებს ჰქონდათ პირველი გამოშვება და სწავლის მიტოვების შემთხვევა არ დაფიქსირებულა, შესაბამისად, ყველა ჩარიცხულმა სტუდენტმა, სწავლა ბოლომდე დაასრულა.
კოლეჯ „აისის“ დირექტორის განმარტებით, სასწავლო დაწესებულების ბაზაზე სტუდენტებისთვის შექმნილია ყველა პირობა იმისთვის, რომ მათ სწავლასთან ერთად ისარგებლონ სხვადასხვა საინტერესო სერვისებით, განიტვირთონ, დაკავდნენ სპორტით და ა.შ.
გადაცემის კიდევ ერთმა სტუმარმა კოლეჯ „აისის“ ქვემო ალვანის ფილიალის სასწავლო პროცესების მენეჯერმა ნუგზარ ძამუკაშვილმა იქ მოქმედ პროგრამებსა და მათ ეფექტიანობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ქვემო ალვანში ძალიან მოთხოვნადია ხელოვნებისა და თექის დამუშავების მიმართულებას, რომლის გავლის შემდეგაც კურსდამთავრებულები ძირითადად თვითდასაქმებულები არიან და საკუთარი ნამუშევრების რეალიზებით მატერიალურ შემოსავალს იღებენ.
„ჩვენთან არის თექის როგორც მშრალი თელვა, ასევე თექის სველად დამზადება. სტუდენტები თექის დამუშავებას კომპლექსურად სწავლობენ და შემდეგ მათ ყველანაირი სუვენირის დამზადება შეუძლიათ. შემდეგ ხშირად ჩვენი კურსდამთავრებულები ერთიანდებიან ჯგუფებად, იღებენ შეკვეთებს სხვადასხვა მაღაზიებიდან, ინაწილებენ შრომას და ქმნიან პატარა ბიზნესს.
ჩვენთან ასევე დიდი ინტერესი დაიმსახურა მხატვრულმა ქსოვამ, დაჩითვამ, ბატიკამ, ფარდაგის, ხალიჩის, გობელინის დამზადებამ. ვინაიდან ასაკობრივად ზედა ზღვარი განსაზღვრული არ არის, ამ მიმართულებებზე ხშირად გვყავს 60 წელს გადაცილებული სტუდენტებიც, რაც გვახარებს“, – აღნიშნა ნუგზარ ძამუკაშვილმა.
გარა ამისა, მისი თქმით, ასევე პოპულარულია თმისა და სილამაზის მომსახურების მიმართულება, რომელიც დასაქმების დიდ შესაძლებლობას აძლევს კურსდამთავრებულებს.
კოლეჯ „აისის“ დირექტორის მალხაზ ასლამაზაშვილის ინფორმაციით, კოლეჯი წელს ჯამში 600 სტუდენტის მიღებას გეგმავს. როგორც მან გადაცემის დასასრულს განმარტა, კოლეჯი ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ბიზნეს სექტორთან ერთად გეგმავს კვლევას, რომელიც გამოავლენს იმ პოზიციებს, რომლებზეც გურჯაანის მუნიციპალიტეტში ყველაზე დიდი მოთხოვნა იქნება, ამის მიხედვით კი შესაბამისი სასწავლო პროგრამები განვითარდება.
„გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა. ვფიქრობთ, რომ 2030 წლამდე გურჯაანის მუნიციპალიტეტში ბიზნეს სექტორის კადრების 70%-ს ჩვენი კურსდამთავრებულებით შევავსებთ. ვთვლი, რომ ეს იქნება ძალიან სერიოზული და წინ გადადგმული ნაბიჯი“, – განაცხადა მალხაზ ასლამაზაშვილმა.