2030 წელს მსოფლიოში დიაბეტზე გაწეული ხარჯები $2,5 ტრლნ-ს მიაღწევს

მსოფლიოში დიაბეტის გავრცელების მაჩვენებელი იზრდება, რაც ზრდის ამ დაავადებისთვის საჭირო თანხებს.
The Lancet-ში გამოქვეყნებული მონაცემებით, 2050 წლისთვის ეს დიაგნოზი 1,3 მილიარდ ადამიანს ექნება დასმული, რაც მიმდინარე სტატისტიკას თითქმის ორჯერ აჭარბებს.
2019 წელს დიაბეტი მსოფლიოში გარდაცვალებისა და დაინვალიდების მერვე მიზეზად დასახელდა.
სპეციალისტების თქმით, დიაბეტის მოახლოებული ეპიდემია გაზრდის ხარჯებს ჯანდაცვაზე, რადგან დიაბეტი იწვევს გულისა და თირკმელების, ასევე სხვა დაავადებებს.
დაავადების გავრცელების ასეთი პროგნოზის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სიმსუქნეა.

სტატისტიკის თანახმად, ამ ეტაპზე მსოფლიოში დიაბეტის ტიპი ერთით და ტიპი ორით 529 მილიონი ადამიანია დაავადებული, რაც მსოფლიოს მოსახლეობის 6%-ს აღემატება. მედიცინის განვითარებისა და მსოფლიო ეკონომიკის ზრდის მიუხედავად, ადამიანების ჯანმრთელობა კვლავ საფრთხის ქვეშაა.
2021 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დაიწყო რამდენიმე ახალი პროექტის განხორციელება, რომელთა მიზანიც, მკურნალობის გარკვეული მიზნების მიღწევის გარდა, დაავადების პროფილაქტიკაცაა.
მეცნიერები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ დიაბეტის გავრცელებასა და მის გავლენაზე ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობასა და ხარისხზე.
კვლევა 204 ქვეყნის მონაცემების საფუძველზე ჩატარდა და მისი შედეგები შეშფოთების საფუძველს იძლევა.
სტატისტიკის თანახმად, პლანეტაზე ყოველი 100 ადამიანიდან 6 ამ დიაგნოზით ცხოვრობს.
კვლევის კიდევ ერთი მიგნების მიხედვით, მსოფლიოში 20 წელზე მცირე ასაკის მოსახლეობაში დიაბეტი 1%-ზე ნაკლებს აქვს. შესაბამისად, დაბერებასთან ერთად ამ დაავადების ტვირთი იზრდება.
მიღებული შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის აუცილებლობას.
კიდევ ერთი კვლევის თანახმად, რომელიც ჟურნალ Diabetes Care-ში გამოქვეყნდა, ყველაზე ცუდი სცენარით, 2030 წლისთვის დიაბეტზე გაწეული ხარჯების მოცულობა ამჟამინდელი 1,3 ტრილიონი დოლარიდან 2,5 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება.
jandacva.ge

ასევე დაგაინტერესებთ