ბუნდესვერის გენერალურმა ინსპექტორმა, კარსტენ ბროიერმა, „ბავარიის რადიოში“ (Bayerischer Rundfunk – BR24) გამოსვლისას, საზოგადოება გააფრთხილა, რომ 2029 წლისთვის რუსეთი, შესაძლოა, ნატო-ზე მასშტაბური თავდასხმისთვის მზად იყოს. რა დგას ამ განცხადების უკან? და კიდევ: რა მდგომარეობაა დღეისთვის?
ეს იყო მკაფიო გაფრთხილება, რომელიც ბუნდესვერის გენერალურმა ინსპექტორმა, კარსტენ ბროიერმა მიმდინარე წლის გაზაფხულზე „ბავარიის რადიოსთან“ ინტერვიუში გააკეთა: „2029 წელს რუსეთს ფართომასშტაბიანი ომის წარმოება – ანუ, ნატო-ს ტერიტორიებზე თავდასხმა შეეძლება“, – აღნიშნა მაშინ ბროიერმა. მართალია, მან ხაზი გაუსვა, რომ ზოგადად საუბრობდა და ამას „შეგნებულად“ აკეთებდა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ გერმანიის მაღალი რანგის სამხედრო პირი სულაც არ არის ერთადერთი ნატოში, ვინც მსგავსი განცხადებებით გამოდის.
რუსული დრონის აღმოჩენის შემდეგ, ლიეტუვა ნატო-სგან დახმარებას ითხოვს (გერმანულ ენაზე)
მედიაში ბროიერის ხმაურიანი გამოსვლის შემდეგ, თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სიტუაციის შეფასებაში არაფერი შეცვლილა. სამხედრო უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, სამინისტრო კონკრეტულ გეგმებზე კომენტარს არ აკეთებს, მაგრამ აცხადებს, რომ ნატო განიხილავს „სხვადასხვა სცენარს სხვადასხვა სივრცით და დროით განზომილებებში“.
თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, 2029 წლისთვის შესაძლო თავდასხმის შესახებ განცხადებები ეფუძნება სადაზვერვო და ღია წყაროების ინფორმაციებს, ასევე საწყობებში არსებულ მარაგებს, წარმოების მაჩვენებლებსა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებში რესტრუქტურიზაციას. გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახური (BND) კი საკუთარ დასკვნებზე კომენტარს არ აკეთებს. „პრინციპის საკითხია, რომ მსგავს თემებზე კომენტარს საჯაროდ არ ვაკეთებთ“, – აცხადებს უწყების პრეს-სპიკერი.
სამხედრო ანალიტიკოსი, მარკუს რაისნერი, „ბავარიის რადიოსთან“ ინტერვიუში, ხაზს უსვამს, რომ შესაბამისი დასკვნების გამოტანის საშუალებას რუსეთის ხელმძღვანელობის რიტორიკაც იძლევა. რაისნერი არის ავსტრიის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი და ტერეზიანის სამხედრო აკადემიის ხელმძღვანელი, სადაც ავსტრიელი ოფიცრების მომავალი თაობა გადის წვრთნას. პოლკოვნიკი მუდმივად აანალიზებს უკრაინის ომს და რუსეთის არმიაში მიმდინარე მოვლენებს. ის ხაზგასმით ამბობს, რომ პუტინს მხოლოდ უკრაინა არ აინტერესებს. რაისნერი და მისი გუნდი განიხილავენ რუსეთის გავლენის სფეროს გაფართოებას -კერძოდ, ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართულებით.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი თარიღი, როგორიცაა მაგალითად, 2029 წელი, კონკრეტულ საფრთხესთან ასოცირდება, სამხედროები და ექსპერტები უფრო ადრეული თავდასხმის საშიშროებაზეც საუბრობენ. მაგალითად, გენერალ-ლეიტენანტმა, იურგენ-იოახიმ ფონ სანდრარტმა მარტში ჰამბურგში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, რომ რუსეთისთვის „შესაძლებლობების ფანჯარა“, „დროის თვალსაზრისით“, იხურება და 2029 წლამდე პერიოდი უფრო საშიშია.
ამ განცხადების საფუძველი გახდა ნატო-ში შემავალი ევროპის სახელმწიფოების ძალისხმევა, უფრო მეტი ფული ჩადონ თავიანთი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში: „თუ დასავლეთი განახორციელებს ყველაფერს, რაზეც შეთანხმდა, მაშინ რუსეთი მიხვდება, რომ ის უკან ჩამორჩა“, – აღნიშნა ფონ სანდრარტმა. მას შემდეგ გენერალი პენსიაზე გავიდა. ბოლოს ის ნატო-ს ძალებში მეთაურად ალიანსის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფლანგზე მსახურობდა.
რაისნერი პარალელებს ავლებს ყოფილი საბჭოთა კავშირის მიდგომასთან: „ისინი ცდილობენ, კოგნიტური ომის გზით დაარწმუნონ მოსახლეობა, რომ რუსეთი საერთოდ არ არის მტერი, რათა ევროპულმა სახელმწიფოებმა საერთოდ ვერ შეძლონ თავის დაცვა“. რუსეთის ხელმძღვანელობის თვალსაზრისით, ეს უფრო ეფექტურია, ვიდრე ცენტრალურ ევროპაზე მასიური სამხედრო პოტენციალის მიმართვა: „ყველა მაშინვე მიხვდება, რომ ეს განზრახვა რეალურად არსებობს და ისინი შეეცდებიან, ერთმანეთის მხარდაჭერით დაიცვან მისგან თავი“.
ბევრმა ადამიანმა საერთოდ არ იცის ამ საფრთხის შესახებ, ამბობს რაისნერი. ასეთი ადამიანები ამ მეთოდების „მსახურები“ ხდებიან. ეს, მაგალითად, იქიდანაც ჩანს, რომ ევროპაში არ არსებობს კონსენსუსი შეკავების აუცილებლობის შესახებ, რათა აგრესორმა თავდასხმის სურვილიც კი დაკარგოს.
წყარო: 1 არხი
