გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, 2012 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი 27,9 მილიარდი ლარი იყო და ეს მაჩვენებელი 2028 წლისთვის თითქმის 4,5-ჯერ გაიზრდება 130 მილიარდ ლარს გაუტოლდება. განცხადება მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე გააკეთა.
,,ყველას კარგად გვახსოვს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური გარემო 12 წლის წინ, როცა ჩვენმა ხელისუფლებამ საქართველოს ეკონომიკა ჩაიბარა სამართავად, მთლიანი შიდა პროდუქტი 27,9 მილიარდი ლარი იყო. 2028 წლისთვის ეს მაჩვენებელი იქნება თითქმის 4,5-ჯერ გაზრდილი და შეადგენს 130 მილიარდ ლარს, ხოლო ქვეყნის ბიუჯეტი 12 წლის წინ იყო 8,5 მილიარდი ლარი და 2028 წელს ეს მაჩვენებელი 4-ჯერ იქნება გაზრდილი და შეადგენს 40 მილიარდ ლარს“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
სიტყვით გამოსვლის დროს, მინისტრობის კანდიდატმა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა მოკლედ მიმოიხილა.
„დღეს, ჩვენი ქვეყანა განსაკუთრებული გამოწვევების წინაშეა რეგიონში შექმნილი რთული ვითარების გამო და ყველასთვის ცხადია, რა ურთულესი გზის გავლა გვიწევს გარე შოკებისგან თავის დაცვისათვის. რომ არა პასუხისმგებლიანი გუნდის ყოფნა დღეს ხელისუფლებაში, არსებულ არასტაბილურ მდგომარეობაში შეიძლება საქართველოც გვეხილა, მაგრამ დღეს ჩვენი მთავრობის და ჩვენი გუნდის საზრუნავი მხოლოდ ის არის, თუ როგორ გავაუმჯობესოთ და კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადოთ ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო გარემო, როგორ გავაგრძელოთ ყველა დარგში მიმდინარე რეფორმები და როგორ გავუმკლავდეთ გარე თუ შიდა გამოწვევებს.’’- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.




